თბილისის ვიცე-მერი: არცერთ კომპანიას არ შერჩება გულგრილი დამოკიდებულება

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირის რეაბილიტაცია
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2024
გამოწერა
წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში არცერთ კომპანიას სამუშაოს შესრულებისას გულგრილი დამოკიდებულება არ შერჩება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
16 იანვარს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.

„ცენტრალურ გამზირებზე როდესაც მოძრაობა შეზღუდულია, ეს დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ვადები, ხარისხი, რაზეც ჩვენ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ყველა კომპანიამ კეთილი ინებოს და შეასრულოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ორ კომპანიასთან, მერის მოადგილის თქმით, ეს კომპანიები იმ მასშტაბით ვერ მუშაობდნენ, რა მასშტაბიც მერიის მხრიდან იყო მოთხოვნილი. ასევე, ლოკალურად ხარისხთან მიმართებაში იყო პრობლემები.
„ბუნებრივია, ხარვეზით შესრულებული ეს სამუშაოები გამოსწორდება. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ვიღაცამ ხარვეზით შეასრულა და ეს დარჩება, ასე არ არის. საუბარია კონკრეტულ ლოკალურ მონაკვეთებზე, რომელიც გამოსწორების პროცესშია. მას შემდეგ, რაც გამზირზე სრულად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, პირობას ვდებთ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის და იქნება მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“, - აღნიშნა ბენდელიანმა.
როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება.
წერეთლის გამზირზე სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს.
„ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ამ პირობას ჩვენ მივყვებით და აუცილებლად შევასრულებთ. ღამის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამას შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი ჰქონდეს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სამუშაოების დამთავრება“, -განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი განმარტებით, იანვრის ბოლოდან გამზირზე საგზაო მიმართულებით შეზღუდვა აღარ იქნება, მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება.
„დარჩენილი იქნება ტროტუარზე სამუშაოები, რომელსაც მარტის შუა რიცხვებამდე დავასრულებთ“, - განაცხადა ბენდელიანმა.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
როგორ იმოძრავებს წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უახლოეს დღეებში >>
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0