მერია: წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირი
წერეთლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო.
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
„შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
ცნობილია ის ოთხი კომპანია, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას დაასრულებს>>>
როგორც თბილისის მერმა მანამდე განაცხადა, წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა დაპირებისამებრ იანვრის ბოლოს აღდგება. ამასთან, კალაძემ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა თავად იმუშაოს და მოადგილეებიც ჩართოს საქმეში.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. გუშინ, 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
ყველა ახალი ამბავი
0