მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საიდუმლო ჰოსპიტალიზაცია: ლოიდ ოსტინი კონგრესში დაიბარეს ჩვენების მისაცემად

© AP Photo / Alex Brandonლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. პენტაგონის შეფი ლოიდ ოსტინი, საიდუმლო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, კონგრესში დაიბარეს შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის ჩვენების მისაცემად.
როგორც კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, მოსმენა 14 თებერვალსაა დანიშნული.
წერილის ავტორი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსია, რომელიც უშუალოდ ლოიდ ოსტინს მიმართავს.
როგორც ის წერს, ბოლო საუბრისას ოსტინმა უკვე უპასუხა ზოგიერთ კითხვას, რომლებიც მის საიდუმლო ჰოსპიტალიზაციას ეხება, „მაგრამ ბევრი კითხვა ჯერ ისევ პასუხგაუცემელია“.
„კერძოდ, მაშფოთებს ის გარემოება, რომ არ უპასუხეთ კითხვას, მიეცით თუ არა თქვენს თანამშრომლებს მითითება, არ ეცნობებინათ შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ან ვინმე სხვისთვის თქვენი ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. სამწუხაროდ, ეს მაფიქრებინებს, რომ კონგრესს ინფორმაცია ემალება. კონგრესმა უნდა იცოდეს, რა მოხდა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მინისტრის ადგილსამყოფელი არ გამჟღავნებულიყო“, — ნათქვამია როჯერსის წერილში.
გარდა ამისა, როჯერსი ოსტინისგან მოითხოვს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კომიტეტს რამდენიმე საკითხზე. მათ შორის: ჰოსპიტალიზაციის დროს მისმიერ განხორციელებული ან დამტკიცებული ქმედებების თაობაზე; სამხედრო ოპერაციების ჩამონათვალი იმ პერიოდში, როცა ის თავის მოვალეობას არ ასრულებდა; ჩანაწერი ყველა სხვა პერიოდის შესახებ, როდესაც, ოსტინის სამედიცინო პროცედურების გამო, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას რომელიმე სხვაპირი ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის პრესამსახურის მდივნის მოადგილე საბრინა სინგჰმა უკვე განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მოსმენებში მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონის შეფი საავადმყოფოში 1 იანვარს შეიყვანეს, მაგრამ ამის შესახებ თეთრმა სახლმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. მინისტრის მოვალეობას ამ პერიოდში მისი მოადგილე კეტლინ ჰიქსი ასრულებდა. მოგვიანებით უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში განმარტეს, რომ მინისტრს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 22 დეკემბერს მას პროსტატექტომია ჩაუტარდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს, თუმცა, გართულებების გამო, 1 იანვარს ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლოიდ ოსტინს მაშინ საშარდე გზების ინფექცია დაუდგინდა. ამ დროისათვის ოსტინი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან, თუმცა მუშაობას სახლიდან განაგრძობს.
ყველა ახალი ამბავი
0