საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში: კვლევის შედეგები

© photo: Sputnikლეპტოპი
ლეპტოპი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია, ნათქვამია ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევებში.
აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.
კვლევის თანახმად, 10 გბ მობილური ინტერნეტი და 900 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
„ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა", - ნათქვამია დასკვნაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებზე, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
ბრიტანულმა კვლევითმა კომპანიამ შედარებითი ანალიზი ორი მსხვილი ქართული ოპერატორის „მაგთიკომისა" და „სილქნეტის" მონაწილეობით ჩაატარა, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ინტერნეტს.
ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0