საეკლესიო კალენდარი: 18 იანვარი
CC BY-SA 2.0 / Silber_Mel / The Sighnaghi church of Saint Stephenსიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 იანვარს მოწამეთა თეოპემპტეს და თეონას, ღირსი სვინკლიტიკიას, წინასწარმეტყველ მიქეას, ღირსი აპოლინარიას, ღირსი ფოსტირიოსისა და მინას, ასევე ღირსი გრიგოლ აკრიტელის ხსენების დღეს არნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
თეოპემპტი და თეონა
წმიდანები თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდებინა, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. მაშინ ჯადოქარმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, თეონა კი ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.
სინკლიტიკია ალექსანდრიელი
ღირსი სინკლიტიკია ალექსანდრიელი შეძლებული ოჯახის ასული იყო. მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. მან გათხოვებაზე უარი განაცხადა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დაემკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმიანდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმიდანს მძიმე სენი შეეყარა და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ეს მოხდა 350 წელს.
წინასწარმეტყველი მიქეა
წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაანთავისუფლეს (3 მეფეთა 22,8-22). მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა (მიქ. 5,2). იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.
ღირსი აპოლინარია
ღირსი აპოლინარია იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი ცხოვრებით.
აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო.
ფოსტერი მეუდაბნოე და მინა მონაზონი
ღირსი ფოსტერი მეუდაბნოე მაღალ მთაზე მოღვაწეობდა. თავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.
ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში.
ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში.
გრიგოლ აკრიტელი
ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმებრძოლეობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.
20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოღვაწეობდა.
20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოღვაწეობდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით