ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული სახლი
ავარიული სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტისთვის 20 მლნ ლარი გამოიყო.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.
კალაძის თქმით, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა. კერძოდ, პირველ სართულზე 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით 4,770 კვ.მ საცხოვრებელი ბინები არქიტექტურული პროექტის შესაბამისად მოეწყობა.
„ჯამში, უძრავი ქონების მესაკუთრეებს სრულად გარემონტებული 36 ბინა და ერთი კომერციული ფართი გადაეცემათ (ჯამში: 2 267 კვ.მ), ხოლო 43 ბინა და ოთხი კომერციული ფართი მონაწილეობს ნატურით ანგარიშსწორებაში, საერთო ფართით: 2.952 კვ", - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა ბაზრის კვლევა, მიმდინარე თვის ბოლომდე კი გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას და პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
თბილისის მერია ამ ეტაპზე 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაზე 20 მლნ ლარი გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0