მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა აჭარაში
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
გამოცხადდება ახალი ტენდერი, რათა სწრაფად მოიძებნოს სამშენებლო კომპანია, რომელიც 2024 წელს შეასრულებს საგზაო სამუშაოებს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან" კონტრაქტი გააუქმა, რომელიც ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიან მონაკვეთს არემონტებდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი დაყოფილია 3 მონაკვეთად, მთლიანობაში აღდგება და შეკეთდება 47-კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი. მოეწყობა ორზოლიანი ასფალტობეტონის საფარი. 5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 42-კილომეტრიანი მონაკვეთი ქუვეითის ფონდიდან. სამუშაოების ჯამური ღირებულება 95,7 მილიონი ლარია.
„ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. თუ კონტრაქტორი არ ასრულებს ვალდებულებას, მაშინ შესაბამისი იურიდიული პროცედურები უნდა განხორციელდეს,"- განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, კონტრაქტორ-კომპანიას ადგილზე საკმარისი პროგრესი არ გააჩნდა, ამიტომაც ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
„სინოჰიდრო“ მეორე კონტრაქტორია, რომელიც პროექტს ჩამოაშორეს. ამ მონაკვეთზე პირველი კონტრაქტორი იყო იტალიური კომპანია Todini, რომელთანაც 2018 წელს 110 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, ამიტომ 2020 წლის ოქტომბერში იგი „სინოჰიდრომ" ჩაანაცვლა.
უწყების ინფორმაციით, გამოცხადდება ახალი ტენდერი, რათა სწრაფად მოიძებნოს სამშენებლო კომპანია, რომელიც 2024 წელს შეასრულებს საგზაო სამუშაოებს.
ხულო–ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0