ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
ამ დროისთვის ლაზარე გრიგორიადისს მხოლოდ მამაზე ძალადობის ფაქტზე აქვს განაჩენი გამოტანილი.
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება.
ლაზარე გრიგორიადისის სახელი თბილისში მარტში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და შსს-ს მანქანა დაწვა. გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ, თუმცა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დასაკითხ პირთა სიაში არსებული მოწმეები მოხსნეს და მათ აღარ დაკითხავენ.
„მოწმეები მხოლოდ იმ ფაქტს აფიქსირებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად იმყოფებოდა მარტის აქციებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეც არ დავობს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აქციებზე. ჩვენ ვდავობთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იქნა ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“. დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, დაცვის მხარემ, ლაზარესთან შეთანხმებით, მოწმეების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო სიტყვით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღო გრიგორიადისმაც.
„მომავალ სხდომაზე თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ალბათ, დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი თავიდანვე გვქონდა. ერთადერთი ბერკეტი, რაც გვრჩება, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვაა“, - განაცხადა ადვოკატმა.
ამ დროისთვის ლაზარე გრიგორიადისს მამაზე ძალადობის ფაქტზე აქვს განაჩენი გამოტანილი. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია. აღნიშნულ საქმეზეგასული წლის სექტემბერში გრიგორიადისს წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0