სეზონური ვირუსები - კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
ქვეყანაში ამ დროისთვის ძირითადად ცირკულირებს А ტიპის ვირუსი.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სეზონური ვირუსების გამო სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველმა ექიმებმა კლინიკებში პაციენტების ვიზიტების მკვეთრ ზრდაზე დაიწყეს საუბარი. მათი თქმით, საავადმყოფოები გადატვირთულია, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვულის თქმით კი ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია - ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიდან 1 კვირამდე, თუმცა, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება 2-3 კვირაც დასჭირდეს", - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ რისკ-ჯგუფში შემავალი პირები. ინფექციონისტმა ყველას მოუწოდა, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და ხშირად გაანიავონ დახურული სივრცეები.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომართვიანობა მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს უფრო მეტად მიმართავენ რისკ-ჯგუფებში შემავალი პირები - ეს არის ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები", - განაცხადა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.
როგორც ადრე საქართველოს ყოფილმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიტუაცია ყურადღებას საჭიროებს.
ამ დროისთვის, შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.
ყველა ახალი ამბავი
0