დღეიდან საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაცია შესაძლებელი გახდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
ევროპის საპატენტო უწყება ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას წარმოადგენს.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვალიდაციის შეთანხმების თანახმად, ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს იგივე იურიდიული ძალა ექნება და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.
„საქართველოსთვის, რომელმაც ერთი თვის წინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ დაახლოებას ევროპულ ბაზართან. ამავდროულად, გაიზრდება საქართველოს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობაც", - განაცხადა „საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ.
ევროპის საპატენტო უწყება ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას წარმოადგენს. მასში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია 1 ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი - 4 ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი.
„საქართველოსთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობას და მასზე წვდომას გაზრდის, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვაზე. იგი ასევე შეამცირებს საქმისწარმოების დროსა და ხარჯს განმცხადებლისთვის, ასევე „საქპატენტის“ ადმინისტრაციულ ძალისხმევას, მოიტანს რა სამართლებრივი სიმყარის გარანტიას“, - ნათქვამია ევროპის საპატენტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქპატენტის“ ცნობით, საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა იმ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ან საერთაშორისო (PCT) განაცხადზე, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შემდგომ.
ყველა ახალი ამბავი
0