რომზე ოდნავ ახალგაზრდა: არქეოლოგებმა უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს
© photo : Sâm Ghavami
© photo : Sâm Ghavami
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. არქეოლოგებმა მდინარე ამაზონის აუზში, ეკვადორის აღმოსავლეთით მდენბარე უპანოს ხეობაში, უზარმაზარი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იმალებოდა ხშირი მცნარეუული საფარის ქვეშ, იუწყება BBC.
მეცნიერთა აზრით, ქალაქი დაახლოებით 2500 წლის წინაა აშენებული, ანუ რომზე ოდნავ ახალგაზრდაა, და ათასამდე წლის განმავლობაში იყო დასახლებული ხალხით.
„ეს ადგილი უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩვენთვის ცნობილი ამაზონიაში. აქამდე სხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში განვითარების მექანიზმების შესახებ ევროპული შეხედულებებით ვხელმძღვანელობდით, მაგრამ ეს აღმოჩენა გვაიძულებს, შევცვალოთ ჩვენი მიდგომა“, — ამბობს პროფესორი სტეფან როსტეინი.
უპანოს აღმოჩენამ მეცნიერები გზებისა და არხების რთული ქსელით გააოცა, რომელთაგან ზოგის სიგრძე 25 კილომეტრს აღწევს. მათი თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქ საკმაოდ განვითარებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი იყო არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ ცენტრალურ ამერიკაშიც —ანუ, უფრო დიდი, ვიდრე მაიას ტომი.
6000 Mounds have been DISCOVERED in the Amazon and experts have said that these mounds represent one of the largest built up City states ever found from Amazonian cultures,
— Stargazers Nation (@STARGAZERNATION) January 12, 2024
Wait till ye hear this,
Discovered in Ecuadors Upano area in the shadow of a volcano by Frances National… pic.twitter.com/gXnSxkk0Vl
„წარმოიდგინეთ, რომ აღმოაჩინეთ მაიას მსგავსი სხვა ცივილიზაცია, მაგრამ სრულიად განსხვავებული არქიტექტურით, მიწათსარგებლობით, კერამიკით“, - ამბობს არქეოლოგიის პროფესორი ხოსე ირიარტე.
მისი თქმით, ეს საზოგადოება აშკარად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ამ ადგილებში მცხოვრები ხალხის შესახებ ბევრი რამ უცნობია. სავარაუდოდ, ისინი ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ, იკვებებოდნენ სიმინდითა და ბატატით, და სვამდნენ ტკბილი ლუდის ერთ-ერთ სახეობას — ჩიჩას.
არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ როსტეინის თქმით, კარიერის დასაწყისში კოლეგები ურჩევდნენ მას, ხელი აეღო კვლევაზე, რადგან მიიჩნეოდა, რომ ამ ადგილებში უძველესი ხალხები არ ცხოვრობდნენ.
„მაგრამ მე ძალიან ჯიუტი ვარ და მაინც გავაკეთე ეს. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი აღმოჩენა გავაკეთე“, — ამბობს მეცნიერი.
აღინიშნება, რომ მკვლევარებმა ამ ადგილას ქალაქის არსებობის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ შედეგის მიღება მხოლოდ ახალი ტექნოლოგია LiDAR-ის გამოყენებით შეძლეს.
სწორედ ეს ტექნოლოგია დაეხმარა არქეოლოგებს აღმოეჩინათ 6 ათასი მართკუთხა ფორმის მიწის პლატფორმა, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 20 მეტრი, სიგანე — 10 მეტრი, ხოლო სიმაღლე 2-3 მეტრი იყო.