საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა და სამების ჯვარი
საქართველოს დროშა და სამების ჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, 14 იანვარს გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე, ფანჯრებზე და აივნებზე
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა. დღესასწაული 2012 წელს დაფუძნდა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე.
საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2003 წელს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროშის მთავარ სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცება შესთავაზა. გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობით მიიღეს (147 ერთის წინააღმდეგ). ახალი დროშა 14 იანვარს უკვე აღმართეს პარლამენტის შენობის თავზე და ეს დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.
ყველა ახალი ამბავი
0