თემურ ჭყონია: მთავრობამ უნდა თქვას, ვისი დამსახურებაა ეკონომიკის ზრდა

© National Library of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე საუბრისას მთავრობამ უნდა დაამატოს, რომ ეს ბიზნესმენებმა გააკეთეს, განაცხადა Coca-cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებლმა და რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის" მფლობელმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის ეთერში.
„ვფიქრობ, როდესაც მთავრობა საუბრობს, რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა, იქვე უნდა დაამატოს, რომ ეს გავაკეთეთ ჩვენ — ბიზნესმენებმა. პენსიების ზრდაზე რომ საუბრობენ, რის ხარჯზე იზრდება ისინი? ჩვენი შრომის ხარჯზე. გზები ავაშენეთო,რომ ამბობენ, რის ხარჯზე? ბიუჯეტში ჩვენი შენატანების ხარჯზე. ეს ჩვენ ვქმნით ქვეყანას“, — აცხადებს იგი.
ჭყონიას აზრით, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტი, რომ „მთავრობა ქმნის ბიზნესმენებს, არის კატასტროფა. ბიზნესმენებმა უნდა შექმნან ქვეყანა და არა მთავრობებმა“.
ამასთან, მისი აზრით, თავად ბიზნესმენებმაც უფრო მეტად უნდა გაიაზრონ და ირწმუნონ საკუთარი როლის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების პროცესში.
„საქართველოში მთავრობები რომ იცვლებიან, ერთმანეთს ეკითხებიან: „მასთან როგორ ხარ?“ კიდევ კარგი, ეს ვითარება შენელდა და იმ დონეზე აღარაა. <...> საქართველოში ბიზნესმენები მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე ჰგონიათ“ — მიაჩნია თემურ ჭყონიას.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შედეგების შეჯამებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყნების ჩამონათვალში შედის. პრემიერის თქმით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7%-ის ფარგლებშია.
ყველა ახალი ამბავი
0