გავუმკლავდები: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თანამდებობიდან მოხსნეს

© Courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
გიორგი კეკელიძე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდის შეცვლის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
39 წლის გიორგი კეკელიძე, რომელსაც საზოგადოება იცნობს ასევე როგორც პოეტს, პროზაიკოსს, კინოსცენარისტს, ლექტორს და ტელეწამყვანს, ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაკავებული თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაატოვებინა, ამის შესახებ კეკელიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ე.წ."უვადოა") მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა“, - დაწერა კეკელიძემ .
კეკელიძე ყვება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ ის გარეთ გამოვიდა, პარლამენტის კიბეზე ჩამოჯდა და ფიქრობდა იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ ჰქონდა, იმ წლბზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შეალია და რომ ჰქონდა ერთი დიდი ოცნება - გაეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო.
„მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს“, - დაწერა კეკელიძემ.
მისი თქმით, ის თანამდებობის შესანარჩუნებლად ბრძოლას არ აპირებს.
„არანაირი ინტერვიუ არ იქნება ჩემგან, არანაირი ბრძოლა და ,,ბრძოლა" თანამდებობისთვის - გავუმკლავდები“, - დაწერა კეკელიძემ.
ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წელს ოზურგეთში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. ის არის წიგნის მუზეუმის დამაარსებელი, პრესის მუზეუმის დამფუძნებელი. საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი. საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატორი.
კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში).
საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში (23 აპრილი).
ყველა ახალი ამბავი
0