ბინა 1 ლარად - დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და მან, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
„ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 ათასზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
უწყების ცნობით, დედაქალაქის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
დედაქალაქის მერია კვლავ განაგრძობს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0