თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომლებიც 60 ათასამდე ბავშვს ემსახურებიან.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11.188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასიც 10%-ით მოიმატებს.
„თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11.188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან, მათი ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი ხელფასი 15%-ით გაიზარდოს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და მუშაობას განვაგრძობთ. ხედავთ, თუ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეშურდება ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღები. ეს სტანდარტი მაქსიმალურად შენარჩუნდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში.
„ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა", - განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ცნობით, ამჟამად თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60.000-მდე ბავშვს ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0