როგორ იცვლებოდა უმუშევრობის დონე საქართველოში 2023 წელს - „საქსტატის“ დირექტორის ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerევროპის მოედანი თბილისში
ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
დასაქმებულთა საერთო რიცხვში დაქირავებულ თანამშრომელთა წილი კვლავ 2/3-ზე ოდნავ მეტს შეადგენს, განაცხადა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წლის პირველ კვარტალში მაღალი იყო მესამე კვარტალთან შედარებით, რაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან. განაცხადა 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
2023 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში იყო 15,6%, მეორე კვარტალში 16,7% იყო, პირველ კვარტალში - 18%, 2022 წლის მეოთხე კვარტალში - 16,1%, მესამე კვარტალში - 15,6%, მეორე კვარტალში - 18,1%, ხოლო პირველ კვარტალში – 19,4%.
„პირველ კვარტალში ყოველთვის შედარებით მაღალია უმუშევრობის დონე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, სეზონურობის გამო პირველი კვარტალი დაბალი აქტიურობით გამოირჩევა“, - განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, დასაქმებულთა საერთო რიცხვში დაქირავებულ თანამშრომელთა წილი კვლავ 2/3-ზე ოდნავ მეტს შეადგენს.
გარდა ამისა, 2023 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი გაზრდილია 16 პროცენტით და არის 1 855 ლარი, თუმცა არსებობს დარგები, მაგალითად, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი დაახლოებით 4 000 ლარია. შემდეგ მოდის მშენებლობის სექტორი – დაახლოებით 3 000 ლარი. შემდეგ მოდის საფინანსო და სადაზღვეო სექტორი – 3 000 ლარზე ცოტა ნაკლებია ამ სექტორში ხელფასის საშუალო მაჩვენებელი.
„გარდა ამისა, ჩვენ მივეცით მომხმარებლებს უკვე ორი წლის შესაძლებლობა, გამოიყენონ სხვა დამატებითი მაჩვენებელი, ხელფასების სტატისტიკის მიმართულებით. ეს გახლავთ მედიანური ხელფასი, რომელიც ჯამურად დაახლოებით 1050 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები >>
„საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს–სექტორში 2023 წლის ივლის–სექტემბერში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.007,2 ლარი შეადგინა, რაც 17,1%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2023 წლის მესამე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,4%-ით გაიზარდა და 1.579,5 ლარს გაუტოლდა.
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2023 წლის მესამე კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2.233,9 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1.459,1 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0