კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო მშენებლობებზე ჯარიმები ისევ იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი. აბანოთუბანი
თბილისი. აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთას ისახავს მიზნად.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

„მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას", - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს მიმართა პარლამენტს კანონპროექტით და სანქციები დაახლოებით 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გაზარდა. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.
„მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა.
რას ითვალისწინებს კანონი
ახალი კანონის მიხედვით:
1.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250.000 ლარით (ნაცვლად 25.000 ლარისა);
2.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200.000 ლარით (ნაცვლად 20.000 ლარისა);
3.
ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის.
4.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30.000 ლარი (ნაცვლად 10.000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75.000 ლარი (ნაცვლად 15.000 ლარისა);
5.
ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150.000 ლარი (ნაცვლად 20.000 ლარისა).
6.
გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე გამკაცრებულია ჯარიმები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე:
უნებართვოდ, დაჯარიმდება 250.000 ლარით;
სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150.000 ლარით;
კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200.000 ლარით;
მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე:
უნებართვოდ - დაჯარიმდება 40.000 ლარით;
სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20.000 ლარით;
კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25.000 ლარით.
ყველა ახალი ამბავი
0