ფარაჯანოვი – 100: ადამიანური სიმარტოვე და დაუსრულებელი ბავშვობა...
© courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
© courtesy of Yuri Mechitov
გამოწერა
მთელი მისი ცხოვრება თეატრი იყო, თუმცა ამ თეატრში მსახიობად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა. იგი იყო ადამიანი-გამოცანა, ადამიანი-ტრაგედია...
დღეს რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა – მას 100 წელი შეუსრულდებოდა.
სერგო ფარაჯანოვს გადაღებული აქვს ულამაზესი კინო–სურათები, რომელთა სიუჟეტები უბრალოდ კადრები კი არ არის ფილმებიდან, არამედ ვიზუალურ პოეზიას უტოლდება. თბილისური კულტურა ძნელი წარმოსადგენია მისი ფილმების გარეშე — ფარაჯანოვის შემოქმედება სწორედ თბილისის ჭრელ, მრავალფეროვან კულტურას ჰგავს.
სერგო ფარაჯანოვი (სარქის ფარაჯანიანი) 1924 წლის 9 იანვარს დაიბადა თბილისელი სომხების, ანტიკვარიატით მოვაჭრე იოსებ ფარაჯანიანისა და სირანუშ ბეჟანოვის (ბეჟანიანის) ოჯახში.
ბავშვობა ძველ თბილისურ, აივნებიანი სახლებით გარშემოტყმულ ეზოში გაატარა. „ჩემი თეატრი“ — ასე ეძახდა ხელოვანი ამ ეზოს, სადაც ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ ქართველები, სომეხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები, მოლდოველები, ქურთები, იეზიდები.
© Photo: courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი
სერგოს მამას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მდიდარ კაცად მიიჩნეოდა, კომუნისტებმა ჯერ ქონება ჩამოართვეს, შემდეგ ციხეშიც უკრეს თავი. მერეც არაერთხელ დააპატიმრეს: ჩასვამდნენ — გამოუშვებდნენ, ჩასვამდნენ — ისევ გაათავისუფლებდნენ.
სერგო ხუმრობდა:
სერგო ხუმრობდა:
„მამაჩემი, როგორც სამაგალითო საბჭოთა დამკვრელი მუშა, ხუთწლედის გეგმას ოთხ წელიწადში ასრულებდა. მისი მეუღლე სირანა კი გულმოდგინედ უმალავდა ბოლშევიკებს შემორჩენილ ქონებას… წავის ქურქი ჰქონდა… ბეწვს ყინვა და თოვლი უხდებაო და ზამთრის ცივ, მთვარიან ღამეებში სახურავზე ადიოდა უჩუმრად, მთვარის შუქზე ასეირნებდა ქურქს“.
სერგო ფარაჯანოვმა 1942 წელს თბილისის სარკინიგზო-სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიატოვა და კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა. 1945 წელს თბილისიდან ჯერ მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა სასწავლებლად, ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ინსტიტუტში სწავლისას ეროვნებით თათარი, წარმოშობით მოლდოველი გოგონა ნიგიარ ქერიმოვი შეუყვარდა. ნიგიარი მშობლების სურვილის წინააღმდეგ გაჰყვა ცოლად ფარაჯანოვს. მისმა ძმებმა კი სტუდენტ სიძეს გამოსასყიდი მოსთხოვეს. სერგომ ვერ შეძლო თანხის გადახდა. მაშინ ძმებმა ნიგიარს მოსთხოვეს, მიეტოვებინა უფულო მეუღლე. ქალი არ დათანხმდა. ძმებმა ურჩი და გაიტაცეს და მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...
სერგოს სიცოცხლის ბოლომდე არ დავიწყებია ნიგიარის სიყვარული. თავის პირველ ფილმებში ხშირად მიმართავდა მოლდოვურ თემებს, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა დაღუპულ შეყვარებულთან.
© Photo: courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი
ფარაჯანოვი მეორედ 1956 წელს დაქორწინდა უკრაინელი დიპლომატის ქალიშვილზე, სვეტლანა შერბატიუკზე, რომელთანაც ერთადერთი ვაჟი, სურენი შეეძინა...
რეჟისორის პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 28 პრიზი, ჯილდო და დიპლომი მოიპოვა, მათ შორის, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო. დიდმა პოლონელმა კინორეჟისორმა ანჯეი ვაიდამ კი ფილმის ნახვის შემდეგ, აღფრთოვანებისა და პატივისცემის ნიშნად, ფარაჯანოვის წინაშე მუხლი მოიყარა.
საბჭოთა ხელისუფლება კი სულაც არ იყო აღფრთოვანებული ფარაჯანოვის საქმიანობითა და მოღვაწეობით. მეამბოხე შემოქმედზე ისედაც ალესილი „კაგებეშნიკები“ რეჟისორმა 1973 წლის დეკემბერში, მხატვარ რივოშის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვით, კიდევ მეტად შეაშფოთა. შედეგად, კიევში მუცლის ტიფით სნეული შვილის სანახავად მისული სერგო ფარაჯანოვი დააპატიმრეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში ხუთი წლით გამოკეტეს. ბრალად კი „მამაკაცების გახრწნა“ და „გარყვნილების ბუდის ორგანიზება“ წაუყენეს. პატიმრობას 4 წლის შემდეგ დააღწია თავი ცნობილი ფრანგი პოეტის, ლუი არაგონის დამსახურებით.
ელდარ შენგელაია წერდა:
ელდარ შენგელაია წერდა:
„ფარაჯანოვი დაიჭირეს არა პოლიტიკური შეხედულებების გამო, სერგო დაიჭირეს იმიტომ, რომ თავისი ხელოვნებით მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს ხეთქავდა. ეს იყო კინო, რომელიც ყველაფერს არღვევდა და იმიტომ, რომ არღვევდა ყველაფერს, ის დაიჭირეს".
ფარაჯანოვს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ფილმების გადაღება აკრძალული. მხოლოდ 80-იან წლებშიღა დართეს ნება, გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ და „აშიკი ქერიბი“.
ბრიტანულმა გამოცემა Varsity–მ სერგო ფარაჯანოვი საუკეთესო რეჟისორად დაასახელა. მის ფილმებს მსოფლიო კინოფესტივალების 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. მას თაყვანს სცემდნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ჟან-ლიუკ გოდარი, ანჯეი ვაიდა, მარჩელო მასტროიანი, ვლადიმერ ვისოცკი. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ანდრეი ტარკოვსკი და ტონინო გუერა.
© photo: courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი
© photo: courtesy of Yuri Mechitov
სერგო ფარაჯანოვი 1990 წელს გარდაიცვალა ერევანში და იქვე დაკრძალეს — ერევნის პანთეონში.
„ფარაჯანოვის სიკვდილით, კინომ დაკარგა ერთ-ერთი მაგი. ფარაჯანოვის ფანტაზია ყოველთვის მოაჯადოებს და გაახარებს ადამიანებს მთელ მსოფლიოში“, — ასე გამოეხმაურნენ მის გარდაცვალებას მსოფლიოს ცნობილი მსახიობები და რეჟისორები.
1991 წელს ერევანში სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი გაიხსნა. ბევრი ნივთი თბილისიდან, სერგოს სახლიდან წაიღეს.
სამწუხაროდ, თბილისმა ვერ შეძლო ამ დიდი ადამიანის მემკვიდრეობის შენახვა. ეს კია, რამდენიმე წლის წინ ქალაქის ძველ უბანში, ბამბის რიგთან მისი ქანდაკება დადგეს ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის ფოტოს მიხედვით.
და როგორც რეზო ესაძემ თქვა:
„სერგო იყო დიდი ადამიანური სიმარტოვე, თუმცა, ის არასოდეს იყო მარტო. ის თავის საგნებთან იყო, გრძნობდა მათ... მიუხედავად მისი ენამწარობისა, სერგო ძალიან დაუცველი და ბავშვური იყო... მას ბავშვობა არ დაუმთავრებია, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან“.
© photo: courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი
© photo: courtesy of Yuri Mechitov