რატომ გაიზარდა „საქართველოს ფოსტის“ ტარიფები: უწყების განმარტება

© photo: courtesy of Georgian Postსაქართველოს ფოსტის კურიერი
საქართველოს ფოსტის კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
გაზრდილი ტარიფები მიმდინარე წლის 3 იანვრიდან მოქმედებს.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. საფოსტო მომსახურების ტარიფების ზრდა განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებითა და კაპიტალური ხარჯებით, ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ფოსტამ“ ადგილობრივი და საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა. გაზრდილი ტარიფები 2024 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს.
კომპანია განმარტავს, რომ ტარიფები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელი სერვისი რამდენი პროცენტით გაძვირდა.
„საქართველოს ფოსტა“ აღნიშნავს, რომ კომპანია ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას.

„ტარიფების ზრდა საშუალოდ15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 2 კგ-მდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, ნაცვლად 8,5 ლარისა. 2 ლარით გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვის–ცენტრიდან გატანის საფასურიც და 14 ლარი გახდა. ამასთან, გაუქმდა 6-ლარიანი მცირე პაკეტები ( ე.წ. მარტივი გზავნილი) და ამანათის გაგზავნის მინიმალური თანხა 14 ლარს შეადგენს.
გაზრდილია საერთაშორისო ტარიფებიც. კერძოდ, აშშ-ის მიმართულებით 1 კგ ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.
„საუკეთესო მსოფლიოში": „საქართველოს ფოსტა" მომსახურების ხარისხისთვის დაჯილდოვდა>>
„საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის-ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" EMS გაერთიანების წევრია 2001 წლიდან.
„საქართველოს ფოსტას" მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის-ცენტრი გააჩნია. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0