რამდენით გაიზარდა სებ-ის საერთაშორისო რეზერვები 2023 წელს — ახალი სტატისტიკა

CC0 / Wall Boat / 100 dollars bundleაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2023 წელს 101,5 მლნ დოლარით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
წინასწარი მონაცემებით, საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით 5.003 მილიონ დოლარს მიაღწია.
დეკემბერში რეზერვები 118,7 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვას უკავშირდება.
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,6 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 889,3 მლნ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 449,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,2 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 4,7 მლნ დოლარს შეადგენს.
რეზერვების ადეკვატური დონე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია.
„სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება გვეხმარება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის", - განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.
ყველა ახალი ამბავი
0