მოხარშეთ ბოსტნეული მინერალურ წყალში: მიზეზები და სარგებელი

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ბოსტნეულის მომზადების მთავარი საიდუმლო — ეს მინერალური წყლის გამოყენებაა, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, მინერალური წყალში ხარშვისას ბოსტნეული არა მხოლოდ ფორმასა და ფერს, არამედ მასში შემავალ ყველა ვიტამინსა და მინერალს ინარჩუნებს, შესაბამისად, ბევრად გემრიელიცაა.

საინტერესო ფაქტი:

ზოგადად, როგორც ექიმები ამბობენ, უმჯობესია ბოსტნეული ნედლი სახით მივირთვათ, ვინაიდან ხარშვისას სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობა წყალთან ერთად ორთქლდება. მაგრამ 2008 წელს იტალიაში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ამ წესიდან ერთი გამონაკლისი გამოავლინა: აღმოჩნდა, რომ სტაფილოს მოხარშვისას მასში კაროტინოიდების რაოდენობა მატულობს და უფრო ჯანსაღი ხდება.

უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტების თქმით, ამ დროს ბოსტნეული არ კარგავს კალიუმს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ამას სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი კვლევა ადასტურებს.
მეცნიერთა თქმით, მინერალურ წყალში ბოსტნეულის ხარშვისას პროდუქტი დამატებით მდიდრდება მიკროელემენტებით, მარილებითა და ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით.
საქმე ისაა, რომ მინერალურ წყალში უამრავი ნატრიუმი, მაგნიუმი, სულფატები და ქლორიდები შედის, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ამიტომ ბოსტნეულის მოსამზადებლად ამგვარი წყლის გამოყენება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
ექიმები გვირჩევენ, ბოსტეულის ნახარში მინერალური წყალი კი არ გადაღვაროთ, არამედ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ ბულიონების ან სუპების მოსამზადებლად, რადგან ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

რა და როგორ შეიძლება მომზადდეს მინერალურ წყალზე

როგორც გერმანელი დიეტოლოგი ბრიგიტა ჰენრიხი წერს, უმჯობესია, რომ ბოსტნეული ძლიერგაზირებულ მინერალურ წყალზე მომზადდეს.
მისი თქმით, მინერალურ წყალში არა მარტო მოხარშვა, არამედ შეწვაც შეიძლება — თანაც არა მხოლოდ ბოსტნეულისა, არამედ ხორცისაც.
ამისათვის:
დაასხით ტაფაზე მინერალური წყალი — იმდენი, რომ პროდუქტი არ ჩაიხარშოს — და დადგით ცეცხლზე. როცა წყალი კარგად აქაფდება, დაალაგეთ ტაფაზე სასურველი პრდუქტი და შეწვით.
როგორც ბრიგიტა ჰენრიხი ირწმუნება, ასე შემწვარი ხორცი საოცრად წვნიანი და რბილი გამოდის.
რაც შეეხება მინერალურ წყალზე მომზადებულ ბოსტნეულს, მაგალითად, ბროკოლოს, დიეტოლოგის თქმით, ის არც ფორმას კარგავს და თანაც ხრაშუნა ხდება.
გარდა ამისა, როგორც გერმანელი სპეციალისტი ამბობს, მინერალური წყლით თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რძე ცომეულში.
ამასთან, ვინც ცხიმიან ხაჭოს უცხიმოს ამჯობინებს, შეუძლია ის მინერალურ წყალში გააზავოს — ოღონდ ნელ-ნელა, თითო კოვზის დამატებით. ასე ხაჭო მკვეთრად გამოხატულ ნაღების გემოს შეიძენს.
ყველა ახალი ამბავი
0