გაიცანით თქვენი შინაგანი ბავშვი: ფსიქოლოგი გასწავლით, რა კითხვები უნდა დაუსვათ მას

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თითქოს უმტკივნეულო შენიშვნით გამოწვეული ემოციების ქარიშხალი, სევდის მკვეთრი და მუდმივი განცდა, რომელსაც ახსნა არ აქვს, აღიარების ან დაცვის ყოვლისმომცველი მოთხოვნილება — ეს ყველაფერი ჩვენი შინაგანი ბავშვის გამოვლინებაა, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ეს ის ნაწილია, რომელიც, ადამიანის ასაკის მიუხედავად, კვლავ ბავშვად რჩება და თავის საჭიროებებს მით უფრო დაჟინებით გამოხატავს, რაც უფრო ნაკლებად უსმენდნენ წარსულში.
„ამ ბავშვს ფსიქიკური რეალობა აქვს. ის განასახიერებს ჩვენი არსის საფუძვლებს, ყველაფერ იმას, რაც ჩვენი ბავშვობიდან არ წაშლილა: შიშებს, ტრავმებს, ბრაზს, სიხარულსა და სურვილებს“, — განმარტავს ფსიქოანალიტიკოსი მუსა ნაბატი, ავტორი წიგნისა „განკურნე საკუთარი შინაგანი ბავშვი“.
როგორც ფსიქოანალიტიკოსი განმარტავს, ჩვენ არ გვახსოვს დრო, როდესაც ცხოვრების წიგნის პირველი ფურცლები დაიწერა, მაგრამ ეს ინფორმაცია იმდენად ღრმად იტვიფრება ჩვენში, რომ კვლავაც ახდენს გავლენას.
და როდესაც ადამიანი უსმენს და უგებს თავის შინაგან ბავშვს, ეს სრულიად ცვლის მის დამოკიდებულებას არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების მიმართაც: ქრება დაძაბულობა, შიში, სირცხვილი და ბრაზი, ჩვენი ზრდასრული იწყებს უფრო მკაფიოდ აზროვნებას და ხდება უფრო თავისუფალი.
ფსიქლოგების თქმით, ამ ყველაფრის მისაღწევად საჭიროა, რომ ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, კარგად გაიცნოს თავისი შინაგანი ბავშვი. ამისათვის:
მოხერხებულად მოკალათდით წყნარ ადგილას, სადაც არავინ შეგაწუხებთ. რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად და აუჩქარებლად, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, რომელიც ადრე იყავით, გვერდით გიდგათ. დააკვირდით, როგორ გამოიყურება იგი, მერე კი ჰკითხეთ:
რამდენი წლისაა? რა გუნებაზეა?რა ემოციებს განიცდის: შეშინებულია, ნაწყენია, თუ გაბრაზებულია და ტირის?
დაელაპარაკეთ საკუთარ ბავშვობას: ჰკითხეთ, რა არ მოსწონს და რა აშფოთებს. შესაძლოა სწორედ ამ დროს ამოტივტივდეს თქვენს მეხსიერებაში რაიმე ისეთი შემთხვევა თქვენი პატარაობიდან, რომელიც ყველაზე მძიმე გავლენას ახდენს თქვენზე.
როდესაც თქვენი შინაგანი ბავშვი თხრობას დაასრულებს, დაამშვიდეთ და მოეფერეთ მას. უთხარით: „შენ მთლად პატარა ხარ, მე კი — დიდი. არ შეგეშინდეს, მე ყველაფრის მოგვარებაში დაგეხმარები“. გაიმეორეთ ეს სიტყვები იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.
აჩუქეთ თქვენს ბავშვობას სიყვარული და სითბო, წარმოსახვაში ჩაეხუტეთ და მიუალერსეთ. მას ეს ძალიან, ძალიან სჭირდება.
შეგიძლიათ, საკუთარი ცხოვრების შესახებ უამბოთ: უთხრათ, როგორ შეიცვლება, როცა გაიზრდება, რა მოვლენები მოხდება მის ცხოვრებაში, რისთვის უნდა იყოს მზად. მერე კი დაამშვიდეთ და გაამხნევეთ, უთხარით, რომ თქვენ ყოველთვის მის გვერდით იქნებით, რომ არასდროს მიატოვებთ რთულ ვითარებაში, რომ ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით.
ამ ყველაფრის შემდეგ დააკვირდით, შეიცვალა თუ არა იგი — შესაძლოა კი აღარ იცრემლებოდეს და წუხდეს, არამედ უკვე იღიმებოდეს და სიცოცხლეც უხაროდეს.
დაემშვიდობეთ თქვენს ბავშვობას, ოღონდ დაჰპირდით, რომ როცა დასჭირდება, ყოველთვის შეუძლია შეგხვდეთ და დაგელაპარაკოთ. კიდევ ერთხელ უთხარით, რომ ძალიან, ძალიან გიყვართ.
ამის შემდეგ აუჩქარებლად, ნელ-ნელა გაახილეთ თვალები და დაბრუნდით რეალობაში. შეეცადეთ, კარგად დაიმახსოვროთ შეგრძნებები და ეს მომენტი.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, იმ უარყოფითი მოვლენების დავიწყება, რომლებიც ადამიანს ტრავმას აყენებს, პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ შინაგან ბავშვთან საუბრით ამ ყველაფრის გადაფასება და ახლებულად გააზრება შეიძლება. ეს კი მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილ ნეგატივს პოზიტივით შეცვლის და ცხოვრებას გაგიიოლებთ.
დაბოლოს: გახსოვდეთ, რომ თქვენი შინაგანი ბავშვი — ეს თქვენი ცნობიერების, თქვენი იდენტობის ნაწილია. მისი აღმოჩენა დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. მაგრამ, როდესაც მას უგულვებელვყოფთ, ის არაცნობიერის სიღრმეებში იკეტება და იქედან ზემოქმედებს ჩვენზე — ისე ცვლის ჩვენს ემოციებსა და ქცევებს, რომ ვერც კი ვამჩნევთ.

შინაგანი ბავშვი - ასევე ღვთაებრივი ბავშვი, შინაგანი ბირთვი, უმაღლესი „მე“, ყველაზე ღრმა „მე“, რეალური „მე“, ავთენტური „მე“, — კონცეფცია ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში, რომელიც ადამიანის ბავშვობის მოგონებებთან და შესაბამის ქცევასთანაა დაკავშირებული. გამოიხატება ზრდასრულ ასაკში. შინაგანი ბავშვი ხშირად ესმით როგორც ნახევრად დამოუკიდებელი სუბპიროვნება, რომელიც ცნობიერ გონებას ემორჩილება.

ყველა ახალი ამბავი
0