წარწერები ქართველ მეფე-დიდებულთა საჭურველზე: სახასიათო შტრიხები
გამოწერა
ერის სახელოვან გმირებს, მათ თავს გადამხდარ ჰეროიკულ ისტორიებს ქართველი და უცხოელი მემატიანეების წყალობით ვიცნობთ.
თუმცა ამ გმირების შესახებ მათ საბრძოლო აღჭურვილობასა და პირად ნივთებზე ამოტვიფრული ფრაზები დამატებით საინტერესო ინფორმაციას იძლევა.
ქვემოთ გაგაცნობთ, რა ეწერა ქართველ მეფე-დიდებულთა საჭურველზე.
დავით აღმაშენებელი
დიდი მეფის ბეჭედს ჰქონდა წარწერა: „ჯვრითა მტერთა მძლეველი დავით ვბეჭდავ უძლეველი“;
სალაშქრო წინამძღვარ ჯვარზე ეწერა: „ღმერთო ყოვლისა დამბადებელო ადიდე შენ მიერ გვირგვინოსანი დავით აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა მეფე, მზე ქრისტიანობისა, ამენ“;
დავითის ბრინჯაოს ჭურჭლის ძირს კი სპარსული წარწერა ამშვენებდა: „მესიის მახვილი არის დავითი, ღმერთმა ინება მფლობელად ხმელეთისა“.
თამარ მეფე
თამარის გულსაკიდ ჯვარს ასეთი წარწერა ამშვენებდა: „ძელო ჭეშმარიტო, ჰალო ჯვარისაო, შენითა წინადგომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ჰქმენ მეფესა და დედოფალსა თამარ“;
თამარის ვერცხლის მონეტას, რომელიც 1200 წლით თარიღდება, აქვს წარწერა: „დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.
გიორგი სააკაძე
დიდი მოურავის ფარს ამშვენებდა წარწერა: „ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული“;
ხოლო ხმალზე, გადმოცემით, სპარსული ფრაზა იყო ამოტვიფრული: „ბატონი ტფილისისა გიორგი“.
მეფე ერეკლე
პატარა კახის ხმალზე ეწერა: „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“;
ბეჭედზე კი იკითხებოდა: „მე ფეხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“.
გარდა ამისა:
იმერთა მეფის სოლომონ I-ის ბეჭედს ეწერა: „დავითის მორჩილ, ღვთის მტერს მოვრჩი, მეფე სოლომონ“.
მეფე გიორგი XII-ის ბეჭედზე იკითხებოდა: „სიმდაბლე ჩვენთვის გარდმოსულცა, იესოს ვაქებ ღმერთკაცსა სრულსა“.
თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონის ბეჭედზე ეწერა: „ერთი ღმერთი მწამს, ერთი ბატონი, სარდალთუხუცეს მუხრანბატონი“.
გივი ამილახვრის ხმალს კი ამშვენებდა ფრაზა: „მეფისა მტრებსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი“.