თავდასხმა თიბისი ბანკის ფილიალზე - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები“ აქვს.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ გუგა გოცირიძეს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადვოკატ დავით ბარბაქაძის განცხადებით, გუგა გოცირიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, შემდგომი დანაშაულების გაგრძელებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობდა. მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატის თქმით, გოცირიძემ ბანკი 15 წამში, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ დატოვა.
„გოცირიძე შენიღბული არ ყოფილა, კეპი ეხურა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და არაადეკვატურობა არასდროს შემინიშნავს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, 3 იანვარს „თიბისი ბანკში“ შეჭრას თავად დაკავებულიც ვერ ხსნის და ამას მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და ოჯახურ პრობლემებს უკავშირებს. ბანკში შეჭრამდე, ადვოკატის ინფორმაციით, ამ პრობლემების გამო გოცირიძემ თვითმკვლელობაც სცადა.
რაც შეეხება დაკავების ადგილს, ადვოკატის თქმით, გოცირიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში, ბახტრიონზე დააკავეს. ბანკიდან მიმალვის შემდეგ ის სახლში წავიდა.
რაც შეეხება ბრალდებულს, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები“ აქვს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავდაპირველად გამოძიება ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედევაბოდა, რაც შემდგომში მოეხსნა, რადგან პისტოლეტი სათამაშო აღნოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0