საყვარელიძე: „ქართული ოცნება“ უკონკურენტია - 2024 წლის პარლამენტი ერთპარტიული იქნება

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
ვიდრე მოქალაქეების წინაშე არჩევანი „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის იქნება, არჩევნებში ყოველთვის „ოცნება" გაიმარჯვებს, აღნიშნა ექსპერტმა
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ერთპარტიული, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს რესურსი, რომ კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, - განაცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
„დიდი ალბათობით, 2024 წლის პარლამენტი ერთპარტიული იქნება. დავუშვათ, მივიღეთ ორპარტიული, რა შეიცვლება? "ნაციონალები" იმდენ მანდატს მაინც ვერ მოიპოვებენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა იქონიონ და ხალხისთვის რა აზრი ექნება მათ პარლამენტში ყოფნას?! მომავალი წლიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ერთი პარტია მიიღებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, ეს ძალიან ცუდია ქვეყნის პერსპექტივისთვის.
„მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია მოცემულობა“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ექსპერტის თქმით, ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლებამ პრინციპულობა შეინარჩუნა და შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველომ დასავლელი პარტნიორების პატივისცემა დაიმსახურა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მიიღო.
„ეს „ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებს 2024 წლის არჩევნებში. თუმცა ხელისუფლება უპირობო ლიდერი იქნებოდა კანდიდატის სტატუსის გარეშეც!“ - აღნიშნა საყვარელიძემ.
ექსპერტის თქმით, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე არჩევანი „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის იქნება, არჩევნებში ყოველთვის „ოცნება" გაიმარჯვებს.
„საერთოდ არ იდგა კანდიდატის სტატუსის საკითხი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი ანგარიშით აგებდა არჩევნებს. ახლაც იგივე მოხდება! არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არა აქვს იმის რესურსი, რომ "ოცნებას" კონკურენცია გაუწიოს“, - განუცხადა საყვარელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ჯგუფები და სურათი ოპოზიციურ ველზე შეიცვლება, მაგრამ არა იმდენად, რომ მმართველი გუნდის დამარცხება შეძლონ.
„იცით, რატომ ვარ დარწმუნებული? დღემდე ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს არაფერს სთავაზობენ, გარდა იმისა, რომ „ოცნება" უარყონ. ამოჩემებული აქვთ, ხელისუფლება პრორუსულია, რაც ძალიან არადამაჯერებელია“, - მიაჩნია ექსპერტს.
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
პარტიების რეიტინგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანარჩენებთან შედარებით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, დღეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები?“, გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 20%.
მესამე ადგილს 4%-ის მხარდაჭერით ინაწილებენ პარტიების კოალიცია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება" 37%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%-ს. მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“ 9%-ით, შემდეგ მოდის „ლელო“ - 5%, „გირჩი“/„დროა“ - 4%.
ასევე, ოთხ-ოთხ პროცენტს აგროვებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
პარტია „ალტ-ინფოს“ აქვს 3%, „ხალხის ძალას“ და „მოქალაქეებს“ - ასევე 3%. „პატრიოტთა ალიანსმა" 2% დააგროვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" - 1%. ყველა სხვა პარტიამ ასევე დააგროვა 1%.
ყველა ახალი ამბავი
0