„ქართული ოცნება" არჩევნებს გაყალბების გარეშე მოიგებს - პოლიტოლოგი

© photo: Sputnik / Stringerადგილობრივი არჩევნები
ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
ყველა გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიცია არჩევნებს 5%-იანი ბარიერის პირობებში აგებს, აღნიშნა ექსპერტმა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაყალბების გარეშე გამარჯვებას შეძლებს, რადგან ოპოზიცია დამარცხებულია და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება ფსკერზეა, ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა აკეთოს და როგორ აკეთოს. არ იცის ან არ უნდა ჩამოყალიბება. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, გაყალბების გარეშე, იმიტომ, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია. ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს. 30 წლის განმავლობაში ასეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. ფსკერზე ვართ“, - განაცხადა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი სალაპარაკო თემა, და ეს თემა არის „ოცნების“ პრორუსულობა.
„ამის ირგვლივ ოთხი წელია ტრიალებს. სხვა თემა ოპოზიციას არ აუწევია. ამ დროს „რუსულმა ოცნებამ“ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ოპოზიციას ყველაფერი ჩაეყარა წყალში. ოპოზიციას სჭირდება გამართული პროგრამა, რომლითაც უნდა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე და ახალი ლიდერი“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
ივანიშვილის ფაქტორი და არჩევნები – ვოლსკი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის როლზე >>
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
პოლიტოლოგმა ასევე 2023 წლის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ბევრი შესაძლებლობები არსებობდა და მეტის მიღწევა შეიძლებოდა.
„ვთვლი, რომ პარტნიორებმა სწორად არ შეაფასეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ამიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, როცა უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. სამოქმედო გეგმა შეიძლება აქამდე შესრულებულიყო. 2023 წელმა ვერ შექმნა იმის გარანტია, რომ მომავალი წელი სტაბილური და მშვიდობიანი იქნება. პირიქით, პოლარიზაცია უფრო და უფრო ღრმავდება. ძალიან მძიმე წელი გველოდება“, - განაცხადა ძაბირაძემ PalitraNews-ის ეთერში.
პარტიების რეიტინგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანარჩენებთან შედარებით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, დღეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები?“, გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 20%.
მესამე ადგილს 4%-ის მხარდაჭერით ინაწილებენ პარტიების კოალიცია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება" 37%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%-ს. მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“ 9%-ით, შემდეგ მოდის „ლელო“ - 5%, „გირჩი“/„დროა“ - 4%.
ასევე, ოთხ-ოთხ პროცენტს აგროვებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
პარტია „ალტ-ინფოს“ აქვს 3%, „ხალხის ძალას“ და „მოქალაქეებს“ - ასევე 3%. „პატრიოტთა ალიანსმა" 2% დააგროვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" - 1%. ყველა სხვა პარტიამ ასევე დააგროვა 1%.
ყველა ახალი ამბავი
0