ივანე ჩხაიძე: გრიპის ვირუსის შემთხვევები მოიმატებს

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
საქართველოში ძირითადად H1N1და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო16%, ახლაა26%. ზრდა ნამდვილად არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ძირითადად H1N1დაH1N3 ვირუსებია, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ის ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.
„სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის აზრით, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში აციების კვალდაკვალ შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო.
რაც შეეხება ექიმების რეკომენდაციებს, მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
ადრე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა ჰოლანდიური კომპანია Abbott Biologicals B.V-სგან შეიყიდა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის რეკომენდებული. ჩხაიძის თქმით, საქართველოში ასევე ხელმისაწვდომია ფრანგული ვაქცინა და ორივე ვარიანტი ხარისხიანია.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
ყველა ახალი ამბავი
0