ხევსურებთან მწარედ დამარცხებული შამილი, ანუ ამბავი შატილიონი არწივებისა

© photo: courtesy of Paata Vardanashviliშატილი
შატილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
1843 წლის ივნისი იდგა. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებულ ჩრდილოკავკასიელ მუსლიმთა სულიერმა ლიდერმამ იმამმა შამილმა, მორიგი საბრძოლო ოპერაციები დაგეგმა იმპერიის წინააღმდეგ. სურდა საქართველოს ტერიტორიაზე გადმოეტანა ბრძოლა, რათა ფრონტის ხაზი კიდევ უფრო გაეშალა და ამით რუსული შენაერთები დაექსაქსა.
მაგრამ ამისთვის ხევსურებს უნდა მიეცათ გზა იმამის ჯარისთვის. შამილმა კაცები გაუგზავნა შატილელებს, შეუთვალა, უომრად თუ გაგვატარებთ, არც ხარკს ავიღებ თქვენგან და საერთოდაც თავისუფლებას მოგანიჭებთო.
გაკვირდნენ შატილიონები — რას გვპირდებაო შამილი, როცა თავად უფალმა მოგვანიჭაო ხევსურთ თავისუფლება?! პასუხად მუქარა შეუთვალეს მთიელთა ბელადს შატილელებმა – მტრად მოსულებს გასაქცევ გზას თუ მოგცემთ, თორემ სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენ მიწაზე როგორ გაგატარებთო?!
განრისხდა შამილი და სოფლის გასანადგურებლად იმპერიის ჯართან ბრძოლებში გამოწრთობილი 5 ათასამდე მეომარი გამოგზავნა, რომელთაც თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი ახვერდ მაჰმუდი უწინამძღოლა.
იმ დროს შატილში დაახლოებით 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა. წესით, ერთი სოფლის მცირე მოსახლეობას უნდა გასჭირვებოდა ჩეჩენ-დაღესტნელთა ნარჩევ და მრავალრიცხოვან მეომრებთან გამკლავება. მაგრამ ეს ერთი სოფელი შატილი იყო, ხოლო მისი მცირე მოსახლეობა — დაბადებიდან იარაღის ქნევასა და საბრძოლო ყიჟინას დაჩვეულ-გამოწრთობილი ხევსურები. თანაც, მათ ღირსებას ეხებოდა შამილი — მთის მეომარ შვილთ აყენებდა შეურაცხყოფას თავადაც მთიელი მეომარი. გაჯავრებული ხევსურები მარტო იმასღა ნატრობდნენ, თვითონ მისულიყო შამილი, რომ როყიოდ წამოსროლილი სიტყვა მწარედ შეენანებინათ მისთვის.
იცოდა შამილმა, რომ ომს ნაჩვევ შატილიონთ კოშკები ეგრერიგად ჰქონდათ აგებული, გეგონებოდა ზურგით მიჰყუდებიანო ერთმანეთს, მთლიანად ჰქონდათ დაცული ქუჩა-გადასასვლელები გამუდმებით მტრის მომლოდინე ხევსურებს.
ისიც იცოდა მთიელთა იმამმა, რომ მომხდურის გამოჩენაზე ერთიანად იარაღს ისხამდა მთელი შატილი — ქალიცა და კაციც, ბავშვიცა და მოხუციც. იცოდა, მაგრამ მაინც თავისი ნარჩევი ჯიგიტების იმედი ჰქონდა.
მთელი მაშინდელი მსოფლიო ლაპარაკობდა შამილისა და მისი მეომრების სიჩაუქეზე. ცაში აჰყავდათ მათი საოცარი ვაჟკაცობა და მეომრული სულისკვეთება. ახლა კი ერთმანეთს გაუტეხელი ციხე-ქალაქის, შატილის დამცველები და უზარმაზარ იმპერიასთან შებმულ-დაუმარცხებელი მთიელები უნდა შეჯახებოდნენ ერთმანეთს...
შამილის ლაშქარმა ციხე-სიმაგრედ ქცეულ სოფელზე ნაშუადღევს ერთდროულად სამი მხრიდან მიიტანა იერიში. იარაღასხმული ელოდა შატილი მტერს. ამბობენ, პირველი მთიელი მხედარი ხევსურმა მზევინარმა გაუყენაო მოუსავლეთის გზას.

წისქვილში ყოფილიყო მზევინარი, როცა შვიდი მხედარი დასდგომია თავს. თმებში წასწვდომია ერთი ლეკი ქალს და ცხენზე ათრევა დაუპირებია, მაგრამ კალთაში დამალული ხანჯალი შეუგებებია მზევინარს და ადგილზე დაუკლავს წუნკალი. მერე კი თავადაც უსულოდ დაცემულა მტრის მიერ განგმირული.

ეს ყველაფერი საკუთარი თვალით დაუნახავს კლდის ეხში მჯდომ სამ ხევსურს, რომელთა შორის ყოფილა მზევინარის მამა ბათაკა. ერთი კი დაუგმინია უბედურ მამას და „ხირიმებსაც“ უგრიალია. ერთი ლეკიღა გადარჩენილა ცოცხალი და დაფეთებული გაქცეულა შატილისკენ.
„წეედი, იქ ჩაგიყრიან ხინკლებსაო“, - მიუძახებიათ გაცხარებულ ხევსურებს.
პირველივე შეტაკებამ დაანახა ახვერდი მაჰმადს, რომ ეგრე უბრალოდ ვერ დაძლევდა შატილიონთ. ისევ ითხოვა მშვიდობით გატარება და სამაგიეროდ ცხრა თოფს სთავაზობდა თავისი ტყვია-წამლით ხევსურებს. გაცოფდნენ ქართველი მთიელები, გზის მიცემა და უომრად გატარება კი არა, ჯერ მზევინარის სისხლი გაქვთ საზღავიო — მუქარად შეუთვალეს შამილის სარდალს.
სწორედ მაშინ გამოუთქვეს სიმღერა ბათაკას ხევსურებმა, რომელსაც დღემდე მღერიან შატილში:

„ბათაკა ობოლოთაი,

ვეფხია სალის კლდისაო,

არც რას თოფს მივცემ ძაღლებსა,

არ ვიცი ზავის ქნისაო“.

მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა გააფთრებული ბრძოლა შატილში. შამილის მეომრები კოშკებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ, მაგრამ გამოუხტებოდნენ ხევსურები ხმალდახმალ, უმოწყალოდ ჩეხდნენ მტერს, არ აძლევდნენ გასაქანს.
ამასობაში დაღამდა, მაგრამ ვერც ბნელმა გაჰყარა მოშუღარნი. დილამდე ისმოდა თოფის გრიალი და ხმალთა ჟღრიალი. გათენებულზე კი მტრის გვამებით სავსე ჭალა გამოჩნდა, რომლებისთვისაც ნაბდები წაეფარებინათ ახვერდი მაჰმადის ბრძანებით. სარდალს ეშინოდა, ამდენი მკვდრის დანახვას პანიკა არ გამოეწვია ლაშქარში.
ისევ განახლდა ბრძოლა. თავგანწირვით იბრძოდნენ შატილიონები დიდიან-პატარიანად. საგონებელს მიეცა ახვერდი მაჰმადი. ისევ ზავი შესთავაზა ხევსურებს. ოთხი შატილიონი წავიდა მოსალაპარაკებლად, მაგრამ მტერმა ისევ გზის მიცემა მოითხოვა და არ გამოვიდა მშვიდობა. მაშინ დატყვევება დაუპირეს ხევსურთა ელჩებს მუსლიმმა მთიელებმა. ორნი შეიპყრეს კიდეც, მაგრამ ერთმა თავი დააღწია, მეორე კი მოკლეს ქისტ-ლეკებმა.
მტრის სარდლის მუხანათობამ მთლად ცეცხლი შეუნთო ხევსურებს. ირიჟრაჟა თუ არა, კოშკებიდან გაიჭრნენ და ყიჟინით დაერივნენ გარს მომდგარ მტერს. ერთი მუჭა ხევსურების უმაგალითო თავგანწირვა აშკარად ცვლიდა ბრძოლის ბედს... თუმცა მანამდე კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა.
ქვითკირის სახლში გამაგრებულიყო ერთი ცოლ-ქმარი და გააფთრებით ებრძოდა მოჯარულ მტერს. ცოლი თოფს ტენიდა, ქმარი ისროდა და ქისტ-ლეკები ახლოს ვერ მიდიოდნენ სახლთან. იქვე აკვანი მდგარა, რომელშიც ჩვილი ყოფილა ჩაკრული. საიდანღაც შეფრენილი ტყვია მოხვედრია და ადგილზე გაუთავებია ბავშვი.
დაუნახავს დედას შვილის სიკვდილი, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს, კივილიც არ აღმოხდენია, რომ სათოფურთან მიმჯდარ მამას მიზანი არ წახდომოდა. ბრძოლის გასრულების შემდეგღა შეუტყვია უბედურს მემკვიდრის სიკვდილი.

შვილის აკვანთან წაუჩოქავს კაცს, შუბლზე ეამბორა თურმე და ჩასძახა:
„შენებ უმცროსებიმც არიან ჩემებ ნათოფარებ, მამაის კაცო, ნათელშიამც იქნებო!“
ამ ამბავმა კიდევ უფრო გაამწარა შატილელები და მათთან ერთად მებრძოლი გუროვლები და ანატორელები. გააფთრებულები ეკვეთნენ მომხდურებს და სასიკვდილოდ დაჭრეს ახვერდ მახმუდი.
მერე დაერივნენ უმეთაუროდ დარჩენილი ჩეჩენ-დაღესტნელებს და კუდით ქვა ასროლინეს. თითქმის ჯარუგომდე სდიეს შამილის სახელგანთქმულ მებრძოლებს ხევსურებმა და როცა დარწმუნდნენ, რომ მტერი მათკენ გამომხედიც აღარ იყო, დევნას თავი მიანებეს.

ის იყო და ის, მეტად აღარ შეუწუხებია შამილს შატილი და იქაური არწივები...
ყველა ახალი ამბავი
0