როდის უნდა ავიღოთ ნაძვისხე: ხალხური მინიშნებები და ექიმების რჩევა

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. შობა–ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, ნაძვისხე, დღესასწაულების პერიოდში ყველა ოჯახს ამშვენებს. მისი დადგმისთვის რაიმე კონკრეტული დღე არ არსებობს, აღებასთან დაკავშირებით კი რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებაა გავრცელებული — სამედიცინო თუ ხალხური რწმენის კუთხით.
ხალხური მინიშნებების თანახმად, მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე 14 იანვრის ჩათვლით უნდა იდგეს სახლში. მიიჩნევა, რომ ძველით ახალ წლამდე მისი აღება არ შეიძლება, თორემ ოჯახიდან დადებითი ენერგეტიკა გავა.
მეორე ვერსიით, ნაძვის ხე ნათლისღებამდე, 19 იანვრამდე უნდა დაიშალოს. ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი გამონათქვამიც კი არსებობს:

„ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“.

ამის გამო ბევრს სჯერა, რომ თუ ნაძვის ხეს ნათლისღებამდე არ აიღებენ, უბედურება მოხდება.
თუმცა, როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხში გავრცელებული ცრურწმენაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ ტრადიციებთან. შესაბამისად, ნაძვის ხის დადგმაც და აღებაც მაშინ შეგიძლიათ, როცა მოისურვებთ.
რაც შეეხება სამედიცინო თვალსაზრისს, ექიმების რჩევით, იმ შემთხვევაში, თუ შინ პატარა ბავშვები, ალერგიისადმი მიდრეკილები ან ასთმით დაავადებულები გყავთ, ჯობს, ნაძვისხე შეძლებისდაგვარად მალე აიღოთ.
საქმე ისაა, რომ ხეც და მისი სამშვენისებიც უამრავ მტვერს იგროვებს, რაც ფრიად საზიანოა ჩამოთვლილი კატეგორიების ადამიანებისთვის.
ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ მოჭრილი ბუნებრივი ნაძვის ხე მაშინვე უნდა აიღოთ, როგორც კი მისი წიწვები გაყვითლებასა და ცვენას დაიწყებს. ეს მისი დადგმიდან დაახლოებით 2-3 კვირაში, ან უფრო ადრე მოხდება, მით უმეტეს, თუ თბილ ადგილზე დგას.
ყველა ახალი ამბავი
0