ხელისუფლება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2024 წელს 16 მლნ ლარს დახარჯავს

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2024
გამოწერა
2023 წელს სააგენტომ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ღვინის პოპულარიზაციას კონკრეტულად ადგილობრივ ბაზარზე
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. 2024 წელს ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო 16 მილიონ ლარს დახარჯავს.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
„16 მილიონი ლარიდან ამ ეტაპზე 2 მილიონია გათვალისწინებული იმ პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს მარკეტინგული ხარჯების ანაზღაურებას (ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა), 1,5 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ადგილობრივ ბაზარზე აქტივობებისთვის და შესაბამისი პროგრამისთვის, ხოლო დანარჩენი გამოფენებზე და ჩვენს კონტრაქტორებს შორის ანუ საზღვარგარეთის ბაზრებზე სამოქმედოდ ნაწილდება“, - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
2023 წელს სააგენტომ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ღვინის პოპულარიზაციას კონკრეტულად ადგილობრივ ბაზარზე. როგორც მეხუზლამ განმარტა, საუბარია ქვეყნის შიგნით მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაზე.
„ადგილობრივ ბაზარზეც ვიქნებით აქტიური, თუმცა გვეცვლება ინსტრუმენტი, რომლითაც ვიმოქმედებთ ადგილობრივ ბაზარზე. შევიმუშავეთ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გარკვეულ ნაწილს ავუნაზღაურებთ ხარჯებს იმ ორგანიზატორებს, რომლებიც ჩაატარებენ ფესტივალს, გამოფენას, დეგუსტაციას და ა.შ.“ - აღნიშნა მან.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის პლატფორმა: მინისტრი WWTG-ის შეხვედრაზე >>
მისი თქმით, სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები მოიცავს ტრადიციულ გამოფენებში მონაწილეობას, როგორც დიუსელდორფში, ასევე პარიზში, ნიუ იორკში, კორეასა და იაპონიაში.
სააგენტოს არჩეული აქვს სტრატეგიული ბაზრები, სადაც კონტრაქტორების საშუალებით მოახდენს საქართველო ღვინის პოპულარიზაციას. სტრატეგიულ ბაზრებს შორისაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მუშაობს.
ქართული ღვინო მსოფლიო გამოფენებზე: ბოლო ექვსი თვის მონაცემები>>
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული.
2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
გარდა ამისა, 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 157,6 მლნ დოლარის ღირებულების 58,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც5,1%-ით აღემატება2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0