ახალი იმედებით, მიზნებით და ამოცანებით - პრემიერმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მშვიდობა, შემდგომი პროგრესი და კეთილდღეობა უსურვა
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ჩვენ ვხვდებით 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
„დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით. ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა, შემდგომი პროგრესი და კეთილდღეობა უსურვა.
„ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში.
მისი თქმით, 2023 წელი გახდა განსაკუთრებული წარმატების და პროგრესის წელი, როდესაც რთული გამოწვევების ფონზე საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.
„ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. მსოფლიოსთვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, 2023 წლის ისტორიული მოვლენა იყო ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა განსაკუთრებით მიულოცა ახალი წელი სამხედროებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლებს, ოფიცრებს, მეხანძრეებს, ექიმებს, მედპერსონალს, პროფესორებს, მეცნიერებს, კულტურის წარმომადგენლებს, სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს, ქართულ დიასპორას და აღნიშნა, რომ ისინი საამაყოა ქვეყნისთვის.
პრემიერის თქმით, საქართველოში სხვადასხვა პროფესიების ადამიანებს ერთი რამ აერთიანებს - სამშობლოს სიყვარული.
„ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან“, - აღნისნა პრემიერმა.
ძლიერი, ერთიანი და განვითარებული, ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს - ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან და დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0