ღარიბაშვილი: ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში არჩევნებზე დიდ როლს შეასრულებს

© photo: Georgian Dream / FBირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2023
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდა
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დამატებით წვლილს შეიტანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებაში 2024 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შაბათს, 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობამ თავისი დამფუძნებელი, 67 ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის პოლიტიკაში დაბრუნებით დაგვირგვინდა - მისი წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად დაბუსტავს და გააძლიერებს გუნდს და გაამყარებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში გუნდს გააძლიერებს და ახალ სტიმულს მისცემს.
„გუნდს კიდევ უფრო კონსოლიდაცია სჭირდება, აი ამ როლს შეასრულებს და არა მარტო ამ როლს ბატონი ბიძინა. თავად განცხადებაშიც და თავის სიტყვაში, უხერხულია რომ გავიმეორე კიდევ ერთხელ, თქვენ მოისმინეთ ყველამ, მე მგონი ძალიან მკაფიოდ განმარტა მიზეზი თუ რის გამოც იგი თვლის, რომ ეს რისკი (კორუფციის გაჩენის - რედ.), ეს თეორიული რისკი შესაძლოა არსებობდეს და ამას არავინ არ უარყოფს , როდესაც ადამიანს აღარ ჰყავს ოპონენტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი მხოლოდ პრობლემების გაჩენის რისკზე საუბრობდა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა: მილიარდერის მიმართვა >>
„ის კი არ თქვა, რომ დღეს რაღაც ხდება, შესაძლოა რამე მომხდარიყოო, ან მოხდეს, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გამყარდეს სიტუაცია ქვეყანაში. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დამშვიდება, სტაბილურობა და მეტად პროგნოზირებადი და სტაბილური მომავალი“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ივანიშვილი როგორც მანამდე იყო მშვიდობის, სტაბილურობის და უკეთესი მომავლის გარანტი, პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს და მისიას „კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს“.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა: მილიარდერის მიმართვა>>
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.
ყველა ახალი ამბავი
0