ფონდი წინასაარჩევნო ელფერით - „ქართულ ოცნებაში“ ხაზარაძის ინიციატივა გააკრიტიკეს

© photo: Sputnik / Seyran Baroyanმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა შექმნას ფონდი ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც მოემსახურება კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბანკირის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას კულტურის ფონდის შექმნის შესახებ საარჩევნო ელფერი დაკრავს და ის არ ისახავს მიზნად უანგარო სამსახურს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის” შექმნის შესახებ ოთხშაბათს გახდა ცნობილი. როგორც ხაზარაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, დონორი მისი ოჯახი იქნება, გადაწყვეტილების მიმღები იქნებიან დამოუკიდებელი პროფესიონალები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. თანხა მოხმარდება იმ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოემსახურება კულტურის და ხელოვნების თავისუფლებას, აღნიშნა ხაზარაძემ.
„სულ მცირე, ასეთი საქმე (ფონდის დაფუძნება - რედ.) წინასაარჩევნო პერიოდში კი არ უნდა წამოიწყო, არჩევნებამდე ათეული წლით ადრე უნდა იზრუნო კულტურაზეც, ხელოვნებაზეც და ყველა სხვა სოციალურ პროგრამაზეც. მაშინ იქნება ეს აღქმული ხალხის მხრიდან, როგორც უანგარო სამსახური. დღეს რა თქმა უნდა ამას ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ელფერი დასდევს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ქართული ოცნება" კი პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს.
პარტია „ლელო“
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0