წულუკიანი კონსტანტინე გამსახურდიას მომავალ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
სამუზეუმო კომპლექსის ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული სტილის კარ-მიდამოს ინტერიერი შეიქმნება.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას მომავალი სახლ-მუზეუმის შენობა-ნაგებობები დაათვალიერა.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სამუზეუმო ტერიტორია 19.018 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სახლ-მუზეუმის ხის შენობა 1983 წელს სხვა სოფლიდან გადმოიტანეს აღნიშნულ ადგილას. ობიექტი 1987 წლიდან ასრულებს სამუზეუმო ფუნქციას.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანმა დაათვალიერა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სახლ-მუზეუმის უკვე აღდგენილი შენობები.
„სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაშია, დაგეგმილია საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის კულტურის ცენტრის აშენება", - ნათქვამია განცხადებაში.
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვა 2020 წელს გაიცა, შედეგად ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოდა-სახლს, მარანსა და სამზადს; დაიგო გზა. დასრულებული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაიბარა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს.
რეკონსტრუქციის პროექტი მუზეუმის ტერიტორიის რამდენიმე ზონად დაყოფას ითვალისწინებს. პირველი განკუთვნილი იქნება სტუმრების მისაღებად, მათთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონის მონახულებისთვის.
მთავარი სამუზეუმო სივრცე თანამედროვე სტილის შენობაში განთავსდება. სპეციალურ დარბაზებში შესაძლებელი იქნება გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების, ასევე მისი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ნახვა.
ამას გარდა, ცალკე სივრცე მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის თემას. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თავიანთი ხელმოწერა დატოვონ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ზუსტ ასლზე და შეიძინონ ის სუვენირის სახით. მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე დაიდგმება სტელა 1918 და 1991 წლების სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტების ასლებით.
მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ იგეგმება სცენის დადგმა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. ინგლისური პარკის ელემენტებით კეთილმოეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0