დეპუტატი: ოპოზიციონერები თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ წაგებულ თამაშში ჩაითრიეს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის" ბუფერული ზონა შექმნეს, მიიჩნიეს რა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იგი წაგებულ თამაშში ჩაითრიეს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილის დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნული მოწოდების განხორციელების წინააღმდეგია.
„გადაიყვან (ციხეში - რედ.), ატყდება აჟიოტაჟი „კლავენ“, თუ არ გადაიყვან, აქედან ესენი გელოდებიან. ბუფერული ზონა შეგვიქმნეს: თუ არ გადავიყვანთ, გახარია ჩვენზე ზეწოლას მოახდენს, თუ გადავიყვანთ - „ნაცმოძრაობა". ნებისმიერ შემთხვევაში ისინი თითქოს წაგებულ თამაშს გვაიძულებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, სინამდვილეში სააკაშვილი სასჯელს იხდის, მას კარგად ეპყრობიან და იგი კლინიკაში თავის დიაგნოზის გამოა მოთავსებული.
„როცა ექიმები იტყვიან, რომ ამ ადამიანის კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა კატეგორიულად გამორიცხულია, მას იმავე დღეს გადაიყვანენ. მე ასე მგონია“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან კლინიკა „ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის სიტყვები გაიხსენა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ლაბორატორიული კვლევების შედეგები საყურადღებოა. პერიოდულად აღინიშნება წნევის ცვალებადობა, რაც ხშირ შემთხვევაში მის მნახველებს უკავშირდება.
დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
შეიძლება თუ არა სააკაშვილის გადაყვანა კლინიკიდან ციხის საკანში – ექიმის პასუხი>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0