ესპანური კომპანია Aqualia საქართველოს სამ ქალაქში წყალმომარაგებას გააუმჯობესებს

© courtesy of GWP Georgian Water and Power (GWP)-ის ოფისი
 Georgian Water and Power (GWP)-ის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
გეგმის განხორციელების ფარგლებში შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ესპანური კომპანია Aqualia, რომელიც ფლობს თბილისის წყალგამანაწილებელ კომპანიას Georgian Water and Power (GWP), თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 363 მლნ ლარს დახარჯავს, ნათქვამია GWP-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 - 2026 წლებში კომპანია რამდენიმე ასეული კილომეტრი სიგრძის ამორტიზებულ ქსელსა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას განაახლებს.
„ჩვენ მიერ სემეკში წარდგენილი ინვესტიცია, ამორტიზებული ქსელებისა და მოძველებული ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განახლებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა GWP-ს გენდირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა.
მისი თქმით, სისტემის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მსგავსი მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლებშიც აუცილებელი იქნება, რათა გრძელვადიან პერიოდში გამართული, ევროპული სტანდარტის წყალმომარაგების სისტემა შეიქმნას.
წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების გეგმა
როგორც „ჯივიპის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა ამას წინ განაცხადა, თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას - განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას და ფართომასშტაბიან ინვესტიციებს.
გეგმის განხორციელების ფარგლებში შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.
საქართველოს წყალმომარაგების ქსელი გაუმჯობესდება - ახალი ინვესტორის გეგმები >>
ამ ეტაპისთვის კომპანიაში უკვე არსებობს კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საოპერაციო მიმართულებებით.
„ჯივიპის“ ცნობით, დღეისთვის მხოლოდ თბილისში კომპანია მართავს 4.000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1.500 კმ წყალარინების ქსელებს, ხუთ სათავე ნაგებობას, სამ ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156 წნევის გამაძლიერებელ სადგურს.
„ჯივიპის“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით. აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%. 2022 წელს 35 ათასზე მეტი ავარია დაფიქსირდა.
ამიერიდან რუსთავის წყალმომარაგებას GWP განახორციელებს >>
თბილისში წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს, მინიმუმ, 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).
2022 წლის იანვარში Aqualia-მ საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანიის Georgia Global Utilities-ის (GGU) 180 მლნ დოლარად 80%-იანი წილი შეისყიდა, რომელსაც წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water & Power (GWP) ფლობს.
კომპანია ახორციელებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. Aqualia ამ დროისთვის საქართველოში უმსხვილესი დარგობრივი ინვესტორია და ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია წყალმომარაგების სფეროში.
Global Water Intelligence–ის ბოლო რეიტინგით (2021 წლის მარტი), Aqualia წყლის რესურსების მართვის კუთხით ევროპაში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მეცხრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რომელსაც ის ემსახურება.
ამჟამად Aqualia დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება 17 ქვეყანაში: ალჟირი, არაბთა საამიროები, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, ეკვადორი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, მექსიკა, ომანი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ტუნისი.
2020 ფინანსურ წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 1,2 მილიარდი ევრო, ხოლო ბიზნეს პორტფელმა - 15 მილიარდ ევროზე მეტი. კომპანიის კაპიტალის მფლობელია FCC Citizen Services Group (51%) და ავსტრალიური ეთიკური ფონდი IFM Investors (49%).
ყველა ახალი ამბავი
0