2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
მსოფლიო ტურიზმის დღე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.
„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და, ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების, თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასთან და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავების და ვიზიტორთა ნაკადების შემდგომი ზრდის შესანიშნავ საფუძველს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების საქართველოში გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის, როგორც გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას მსოფლიოს მასშტაბით.
ყველა ახალი ამბავი
0