აიცილეთ ჭკუასუსტობა: დადგინდა, რა ტემპით უნდა იაროთ, რომ დემენცია არ დაგემართოთ

© unsplash/angela-baileyნაბიჯი ჰაერში
ნაბიჯი ჰაერში - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თუ დღეში 30-წუთის განმავლობაში მაინც ივლით სწრაფი ტემპით, დემენციის (ჭკუასუსტობის) განვითარების რისკები შეგიმცირდებათ, აცხადებენ ავსტრალიელი და დანიელი მეცნიერები.
მანამდე კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანმა დღეში 10.000 ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა ფიზიკური დატვირთვის ჯანსაღი დოზა მიიღოს და ამასთან ნაადრევი სიკვდილის რისკი შეამციროს. მაგრამ, როგორც ავსტრალიელი და დანიელი მკვლევარები ირწმუნებიან, მთავარი — ეს სიარულის ტემპია და არა ნაბიჯების რაოდენობა.

ანუ, თუ სწრაფი ტემპით ივლით, ნაკლები ნაბიჯების შემთხვევაშიც კი, დემენციის რისკი დაიკლებს.

როგორც ცნობილი ხდება, 2013-2015 წლებში სპეციალისტები 40 წელზე უფროსი ასაკის 78,5 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ ფიტნეს-ტრეკერების საშუალებით. ამ დაკვირვებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ:
ყოველდღიურად 9,8 ათასი ნაბიჯის ჩვეულებრივი ტემპით გავლის შემთხვევაში დემენციის განვითარების რისკი ორჯერ მცირდებოდა;
ყოველდღიურად 6,3 ათასი ნაბიჯის მაღალი ტემპით გავლის შემთხვევაში დემენციის რისკი 57%-ით მცირდებოდა;
ყოველდღიურად მაღალი ტემპითა და დატვირთვით სიარული დემენციის რისკს 62%-ით ამცირებდა.
კიდევ ერთი კვლევისას კი გაირკვა, რომ გავლილი ნაბიჯებიდან ყოველი 2.000 ნაადრევი სიკვდილის რისკს 10%-ით ამცირებს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია, როცა ადამიანი სწრაფად დადის.

„ეს კვლევები, რომლებიც ფიტნეს-ტრეკერების გამოყენებით ჩატარდა, მათი მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით, დღეისათვის ყველაზე მტკიცე დასტურია იმისა, რომ დღეში 10.000 ნაბიჯი ოპტიმალური ვარიანტია ჯანმრთელობისთვის. ხოლო სწრაფი ტემპით სიარული კიდევ მეტ სარგებელს იძლევა“, − ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, პროფესორი მეთიუ აჰმადი.

როგორც გამოცემა წერს, კვლევებიდან შვიდი წლის შემდეგ მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეთა ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობა მათ სამედიცინო ანკეტებში ჩანაწერებთან შეაჯერეს. ანალიზმა აჩვენა, რომ:
მათ, ვინც დღეში დაახლოებით 3,8 ათას ნაბიჯს გადიოდა ნებისმიერი სიჩქარით − დემენციის რისკი 25%-ით ჰქონდა დაქვეითებული;
ვინც დაახლოებით 9,8 ათას ნაბიჯს გადიოდა ნებისმიერი სიჩქარით − დემენციის რისკი 51%-ით ჰქონდა შემცირებული;
ვინც 6,3 ათას ნაბიჯს გადიოდა დღეში, ოღონდ წუთში 40-ზე მეტი ნაბიჯის სიჩქარით, დემენცია 57%-ით ნაკლებად ემუქრებოდა.

ამასთან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დემენციის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი დღეში 30-წუთიანი სიარულია წუთში 112 ნაბიჯის სიჩქარით.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) თანახმად, რეგულარული სიარული ასევე ამცირებს რამდენიმე ქრონიკული დაავადების რისკს, მათ შორის: გულის დაავადებების, ინსულტის, ასთმის, მეორე ტიპის დიაბეტის, სიმსუქნისა და კიბოს გარკვეული ტიპების რისკებს.
გარდა ამისა, ფეხით სიარული აუმჯობესებს განწყობას და ამციროს დეპრესიის ალბათობას.
წყარო: Mirror
ყველა ახალი ამბავი
0