საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა მილოცვის წერილში აღნიშნა, ის ფასეულობები, რასაც პატრიარქი საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა.
„ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული. პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
ყველა ახალი ამბავი
0