ეს დეზინფორმაციაა - ოპოზიციური ტელეკომპანიის ბრალდებებს თავდაცვის სამინისტროში უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
უწყებაში „რადიკალური სიცრუე“ უწოდეს ინფორმაციას, თითქოს ქართული ჯარი უხარისხო სამოსით მარაგდება.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ტელეარხები აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებსნ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
23 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში რეპორტაჟი გავიდა, რომლის ავტორის მტკიცებით, ქართველი სამხედროების ფორმა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. „მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან სამხედრო მოსამსახურეების ფორმების ხარისხი არ მოიწონა.
როგორც უწყებაში განმარტებს, პარტიული „მესიჯბოქსი“ ვერ სცდება ისეთ საკითხებზე ყალბი ახალი ამბების გამოგონებას, როგორიც არის თავდაცვის ძალების ჩაცმულობა თუ კვების ხარისხი.
„სამწუხაროდ, ამ პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც დროულად და შეუფერხებლად მიეწოდება ნატოს სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები.
„ისინი კარგად ხედავენ განსახვავებას, ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფაბრიკა „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე არსებობდა სერიოზული ხარვეზები როგორც სამხედროების ფორმების ხარისხის, ისე მათი დროულად მიწოდების თვალსაზრისით, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
„სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით შეიქმნა საწარმო. საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროებისთვის ასევე ნათელია პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების რეალური სახე, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ყველა საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.
„დელტა ტექსტილის“ საწარმოო ბაზა წარმოდგენილია საუკეთესო სამკერვალო ფაბრიკის სახით (დაფუძნდა 2015 წელს), სადაც ამჟამად 360 ადამიანი მუშაობს. კონკრეტული კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ უძრავ-მოძრავი აქტივებისა და საწარმოო პოტენციალის შეფასების შემდეგ შეირჩა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება თავდაცვის სფეროში წარმოების მიმართულებით.
რაც შეეხება სამხედრო ქარხანა „დელტას“, მისი ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საომარ მოდულებს, უპილოტო აპარატებს, პისტოლეტებს, ჯავშანჟილეტებს, შაშხანებს და სხვ. ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0