საქართველოს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: სად ნარჩუნდება შეზღუდვები

© Facebook / Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გზებზე
გაწმენდითი სამუშაოები გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2023
გამოწერა
უწყების ცნობით, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებულია შეზღუდვები.
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 37-49-ე კმ (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქარბუქისა და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზასა და ასევე ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, ფარავნის უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო 90-185-ე კმ (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის 1-70-ე კმ (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 26 დეკემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ყველა ახალი ამბავი
0