დამარცხებული მეფის საბოძვარი, ანუ ამბავი სვიმონ I-სა და ქვლივიძიანთ გლეხის ქალისა

© Unsplash / Nathan Dumlaoქვიშის საათი და ძველი წიგნი
ქვიშის საათი და ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
ქართლის მეფე სვიმონმა მთელი ცხოვრება გარეშე მტრებთან და ქართველ მოღალატეებთან ბრძოლას შეალია.

მიუხედავად განუწყვეტელი ბრძოლებისა და დიდი ომიანობისა, მას ხელი არ აუღია საქართველოს გაერთიანებაზე. სვიმონის მთავარი სამიზნე იმერეთის სამეფო გახლდა, სადაც მომხრეებიც გაიჩინა ზემო იმერეთის თავადების — ჩხეიძეების, აბაშიძეების, წერეთლების სახით. იმერელმა დიდგვაროვნებმა „მისცეს სვიმონს პირი მტკიცე“.
სამჯერ ილაშქრა ქართლის სახელგანთქმულმა მეფემ იმერეთში, მაგრამ ღალატის გამო ვერ შეძლო მისი შენარჩუნება — ოფშკვითთან გამართულ ბრძოლაში ქართლელთა ბანაკში მყოფმა იმერლებმა იარაღი მოკავშირეთა წინააღმდეგ აღმართეს და დადიანს მიემხრნენ.

სასტიკი მარცხი იწვნია სვიმონმა, სამარცხვინო ტყვეობასა და სიკვდილს ძლივს გაასწრო მეფემ. სოფელ კავთისხევში დაუღამდა მის მცირე ამალას. „ვეღარ ძალ-ედვა სვლა“, ისე დაღლილიყო და დაქანცულიყო ომგარდახდილი მეფე. სოფლის განაპირად ერთი ღარიბული ქოხია აარჩია, ზედ მიადგა, ცხენიდან გარდახდა და დააკაკუნა.
ქალმა გამოჰხედა, ჰკითხა, ვინ ბრძანდებითო?

— სვიმონ მეფის მეომარი ვარ, თუ არ მიწყენთ, მცირე ჟამს თქვენთან შევდგებოდი და შევისვენებ, — უთხრა მგზავრმა.
— სვიმონ მეფის მეომარიო?! მობრძანდით, თქვენი კვნესა-მე!“ — შესძახა ქალმა და ქოხის კარი ბოლომდე შეხსნა.
დატრიალდა დიასახლისი, სტუმრებს ვახშამი გაუწყო. მეომრები დაანაყრა და ჰკითხა, როგორ ბრძანდება ჩვენი სათაყვანო მეფე, ავი ხომ არაფერი შემთხვევია, ხომ მშვიდობით გამოვიდა ბრძოლის ველიდანო?
— მეფისა მე არაფერი ვიცი, — ძლივს ამოთქვა სვიმონმა.
გაოცდა ქალი, ეს როგორაა, რომ მეომარმა თავისი ხელმწიფისა არაფერი იცისო. ახლა ეს ჰკითხა სტუმარს: ჩემი ქმარი მეფეს ახლავს ომში და იქნებ იმაზე გსმენოდეს რამეო?
— რა გვარის კაცია შენი ქმარი?
— ქვლივიძე.
— არა, არ გამიგია, არაფერი ვიცი.
— არც ლაშქრისა შეგიტყვია რამე? — არ მოეშვა მეფეს დიასახლისი.
— არც ეგ ვუწყი, რა შეემთხვა ჯართა მეფისათა, — გაჯავრებით თქვა მეფემ.
ქალმა ტირილი დაიწყო. მეფე მის დამშვიდებას შეეცადა, ნუ სტირი, ქალო, დაგიბრუნდება შენი ქმარიო. და დიასახლისმა უცნაური რამ უთხრა სვიმონს:
— მე ქმარს კი არა, მეფესა ვსტირი, ჩემო ბატონო. ღმერთმან წყალობით მოგვხედოს და გვაღირსოს სიცოცხლე ჩვენი სვიმონ მეფისა, დაე, სუყველა მისი სანაცვლო ყოფილიყოს...

ამ უცნაური სტუმრიანობიდან მოკლე ხანში ქვლივიძის ოჯახს მეფის მსტოვარი მიადგა და სვიმონ მეფის წყალობის სიგელი აახლა. ამ ბრძანებით, ქვლივიძეს, აქამდე ყმა გლეხის ოჯახს, სვიმონის ნებით, ტახტის აზნაურობა ენიჭებოდა და ამასთან „ებოძა ყმა და სახელი და სხვა საბოძვარი მრავალი“...
ყველა ახალი ამბავი
0