რისთვის გაყიდა ერეკლე მეორემ სამეფო ძვირფასეულობა: ანუ ამბავი მოწყურებული რევანშისა

© rawpixel.comძვირფასეულობა
ძვირფასეულობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
XVIII საუკუნის შუა წლებში წარმოებული წარმატებული ბრძოლების შედეგად, მამა-შვილის, თეიმურაზისა და ერეკლეს ქართლისა და კახეთის სამეფოები რეგიონის ჰეგემონი გახდა. კახეთის მეფე ერეკლეს სახელი არა მარტო აზიაში, არამედ ევროპაშიც ქუხდა.

სწორედ მაშინ თქვა პრუსიის ლეგენდარულმა მეფემ ფრიდრიხ II დიდმა საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა:

„დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე“.

ქართველთა წარმატებებმა განარისხა ოსმალეთის დიდი ხონთქარი, რომელმაც მთელი კავკასიის მაჰმადიანური მოსახლეობა დარაზმა ერეკლეს წინააღმდეგ. გათამამებული ქართველებმა კი საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ამადაც გამოეპარათ მეზობელი ხანების საომარი მზადება.
ყურადღების მოდუნება ძვირად დაგვიჯდა ქართველებს. ერეკლემ მძიმე მარცხი განიცადა ჯერ განჯასთან, ხოლო შემდეგ აგრიჩაისთან ნუხის ხან ჰაჯი-ჩალაბთან. ქართლ-კახეთის მორჩილებიდან გამოვიდა ყარაბაღი, ერევანი, განჯა, ნახჩევანი. აჯანყდნენ ქვემო ქართლში შაჰ-აბასის მიერ ჩასახლებული ბორჩალოელი ყიზილბაშებიც.
1752 წლის ზაფხულში გამუსლიმებული სომეხი ჰაჯი-ჩალაბის ვაჟი, აღა- ქიში, ნუხის სახანოს ჯარით შემოიჭრა ბორჩალოში და საჯაროდ დაიფიცა, ამიერიდან ქართველ კაცს თათარს აღარ ვაყმობო. აღა-ქიშს შეუერთდა შავერდი ხანიც განჯა-ყარაბაღის ჯარებით. მის ბანაკში აღმოჩნდნენ ყაზახის, ბორჩალოსა და დემურჩ-ასანლუს მმართველები.
მაშინ კი გამოფხიზლდა სამეფო კარი. ერეკლემ სასწრაფოდ შემოიკრიბა კახელები და სტეფანწმინდისკენ გაეშურა დაქირავებული ჩერქეზების გადმოსაყვანად.

მაშინ იყო, მეფემ საკუთარი ძვირფასეულობა რომ გაყიდა და იმ ფულით 500 ჩერქეზი დაიქირავა.

ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ ფშავ-ხევსურეთში შეაგროვა რკინისმკვნეტელი მეომრები. შიდა ქართლელებმაც აისხეს იარაღი, მაგრამ სანამ აღა-ქიშის ბანაკისკენ დაიძრებოდნენ, საქართველოში მოულოდნელად შემოჭრილი ლეკთა ბელადის, ზუბეიდალას 1500-კაციან ჯარს შეეტაკნენ და გააქციეს. უკუქცეულებს მეფე ერეკლეც წამოეწია ჩერქეზებით და მუსრი გაავლო მათ. ზუბეიდალა დაღესტანში გადაიხვეწა.
ლეკების შემდეგ ქართველებმა აღა-ქიშისათვისაც მოიცალეს. მათ გაიარეს ყაზახი, თაუზი და 1752 წლის 20 აგვისტოს ბაიდარს მიადგნენ (მაშინ ყაზახიც და თაუზიც ქართლ -კახეთის შემადგენლობაში შედიოდა), სადაც ნუხის ხანის ვაჟი იყო დაბანაკებული.
აღა-ქიშის მრავალრიცხოვანი ჯარის ხილვამ განწყობა გაუფუჭა ქართველებს. სარდლებმა მეფეს ურჩიეს, მრავალრიცხოვან მტერთან გაშლილ ველზე არ გაემართა ბრძოლა და უკან დაეხიათ. ეს რომ ქიზიყელებმა გაიგეს, მეფეს ეახლნენ და მტკიცედ განუცხადეს, ათი დღეა, მტერს მოვდევთ. სულ რომ გავწყდეთ, აქედან ხმლის მოუქნევლად არ წავალთო.
მართალია, მტრის ლაშქარი ბევრად აღემატებოდა ქართველთა ჯარს, მაგრამ აღა-ქიში შერიგების გუნებაზე დადგა. გაათავისუფლა დატყვევებული ედიშერ მდივანი და რევაზ ამილახორი, ელჩებად ყოჯა-ხანი და აჯი-ფრინა გამოაყოლა და მათი პირით ერეკლეს დაზავება და შერიგება შეუთვალა. მაგრამ ქართველებს, აგრიჩაისთან განცდილი მარცხის გამო, რევანში სწყუროდათ და უარით გაისტუმრეს ელჩები: რა შერიგება? რაკი აქამდე მოსულხართ, უომრობა რაღა საკადრისიაო?!
მტერმა უკან დაიხია. ქართველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მათი გადაადგილება და გამოედევნენ. ერეკლესა და თეიმურაზის მეომრებს პირველად ლეკები მიუხდნენ, მაგრამ დაქირავებული მოთარეშეები ასევე დაქირავებულ ჩერქეზთა ხმლების ლუკმად იქცნენ.
ქართველები 1 სექტემბერს შამშადილუს საზღვართან, თულქითაფასთან წამოეწივნენ აღა-ქიშის მეომრებს. ნუხის ხანს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ომში ჩაბმულიყო. მტერი შეტევაზე გადმოვიდა და ქართულ ჯარს უკან დაახევინა. განრისხდა ერეკლე და ლომივით ეკვეთა მომხდურთ:

„მეფემ ერეკლემ იწყინა, მიბძანდა თვითონ, მოუძღვა ჯარს და ვითა ლომი, ეგრე მიიესივა, გაერივა ჴმალდაჴმალ. ამის მნახველი ვინღა დადგებოდა უომრად“.

პაპუნა ორბელიანი, „ამბავნი ქართლისანი“
XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კართან დაახლოებული პირი.
ყველა გმირი შეიქმნა იმ დღეს — თავადიც, აზნაურიც, გლეხიც. მაგრამ ყველაზე მეტად ბოდბელმა გლეხმა, ყარა პაატამ, იგივე პაატა ბაღაშვილმა გამოიჩინა თავი. მან ცხრა თათარი გააპო ხმლით, ოთხი კი დაატყვევა.
და მტერმა გაქცევა იკადრა. აღა-ქიში ნუხას გაიქცა. შავერდი ხანმა კი განჯას შეაფარა თავი. ქართველებმა შამშადილოელებს ღალატი არ აპატიეს, რომლებმაც ერთი წლით ადრე, ჰაჯი-ჩალაბთან ბრძოლაში დაჭრილ ქართველებს, წამებით ამოხადეს სული.
მეფეებმა „გაუსივეს მარბიელი შამსადილოს ქვეყანასა, მოარბივეს ქვეყანა მათი, დაწვეს, მოახრეს, ვითარცა ემართლებოდნენ ქართველნი“.
ქართველები ყაზახში შევიდნენ და იქაური მოღალატეებიც მოიძიეს. ზოგი წყალში ჩაახრჩვეს, ზოგსაც თავი გააგდებინეს. ერთგულნი კი უხვად დააჯილდოვეს.
ასეთივე სამართალი გააჩინეს ქართველთა მეფეებმა ბაიდარსა და ბორჩალოშიც. თუმცა ბორჩალოს მოღალატე ხანმა და ბაიდარის სულთანმაც ერევანს გაასწრეს და ერეკლეს რისხვისაგნ თავი გადაირჩინეს.
ამ გამარჯვებით ქართლ-კახეთმა ისევ დაიბრუნა ძველი დიდება, ხოლო ევროპაში კვლავ ვრცელდებოდა ლეგენდები პრინცი „ქართველი ჰერაკლეს“ საოცარ გმირობებზე.
ყველა ახალი ამბავი
0