საეკლესიო კალენდარი: 18 დეკემბერი

© courtesy of Giorgi Gamtenadzeგიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 დეკემბერს ღირსი საბა განწმედილის, მოწამე ანასტასის, ღირსთა კირიონ ბერისა და მისი ძის ზაქარიას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი საბა განწმენდილი
ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში.
გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო.
ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის - თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.
ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა.
წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.
უფლის რჩეული იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“
ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.
წმიდა საბამ 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამე ანასტასი
წმიდა მოწამე ანასტასის აიგივებენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას მოწამეობრივად აღსრულებულ წმიდა ანასტასისთან, რომლის ხსენებაც 25 ოქტომბერს აღინიშნება.
ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია მეგვიპტელნი
ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმიდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სკიტში ზრდიდა ყრმას. როცა ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმიდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმიდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა - „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი“. მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან ერთად მოღვაწეობდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0