საქართველოს მხსნელი უცნობი სადიხა, ანუ ამბავი აღა-მაჰმად ხანის მოკვდინებისა

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
სადიხას არც გვარი იცის ვინმემ და არც წარმომავლობა, თუმცა მან საქართველო აღა მაჰმად ხანის მძვინვარებისგან იხსნა...
1796 წლის გაზაფხულზე, თბილისის აოხრების შემდეგ, რუსეთმა ირანს ომი გამოუცხადა. 13-ათასიანი რუსული კორპუსი მტკვრისა და არაგვის შესართავთან დაბანაკდა.
ირანის შაჰი, რუსებთან ბრძოლაში ნაგემი მარცხის გამო, იძულებული გახდა, დრობით უარი ეთქვა ომზე და ეს საქმე ხელსაყრელი ვითარების დადგომამდე გადაედო.
ეს დროც მალევე დადგა. 1796 წლის 6 ნოემბერს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორე გარდაიცვალა. ტახტზე ასულმა პავლე პირველმა, დედისადმი დაუძლეველი სიძულვილის გამო, ეკატერინეს მიერ გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა: ირანთან ომი შეწყვიტა.
სპარსთა საჭურისი შაჰი მაჰმად ხანი რუსული გარნიზონის გასვლისთანავე დაუყონებლივ შეუდგა საქართველოში ლაშქრობისათვის სამზადისს. მან ელჩის ხელით ფირმანი გაუგზავნა ერეკლე მეფეს, არწმუნებდა, რუსები მე გავაქციე, ამიტომ მათთან ურთიერთობაზე ხელი აიღე, მოდი და შევრიგდეთო.
გაბრაზებულმა თბილისელებმა სპარსელი დიპლომატი კინაღამ შუაზე გაგლიჯეს. რა თქმა უნდა, ირანის შაჰს შერიგებაზე ცივი ური შეუთვალეს და ომიც გარდაუვალი გახდა.
1797 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოსკენ დაძრული ურდო ყარაბაღში დაბანაკდა. მაჰმად ხანს გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენი ქვეყანა მაჰმადიანურ სახანოდ ექცია, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა — ქალაქ შუშაში მისულ აღა მაჰმად ხანს 8 ივნისს საკუთარმა მსახურმა, სახელად სადიხამ გამოჭრა ყელი.
ქართული ისტორიული წყაროების ცნობით, გამაჰმადიანებული ქართველი, წარმოშობით მცხეთელი სადიხა შაჰის კარის ჯამბაზი ყოფილა, რომელსაც ნათლობის სახელი ანდრია რქმევია.
ყარაბაღში დაბანაკებული ჯარის გასართობად გამართულ ზეიმზე ჯამბაზი სადიხა აღა მაჰმად ხანს მიახლოვებია და ყურში რაღაც უთქვამს. განრისხებულ შაჰს მისი შეპყრობა, დილისთვის კი სიკვდილით დასჯა უბრძანებია.
სადიხა შუაღამისას საპყრობილიდან გაპარულა, შაჰის კარავში შეუღწევია და დანით განუგმირავს, მერე კი უმალ საქართველოსკენ გამოუწევია. მბრძანებლის სიკვდილით გაოგნებული სპარსული ლაშქარი პანიკას მიეცა, აიშალა და გაიცა, ქართველთა სამეფო კი აღა მაჰმად ხანის რისხვას გადაურჩა.

სხვა ვერსია

სხვა წყაროების თანახმად, სადიხას შაჰისთვის ყურში ჩურჩულის კი არა, სულ სხვა მიზეზით გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. და ეს მიზეზი ასეთი იყო:
პარასკევი დღე თენდებოდა. შაჰმა ბრძანება გასცა, სალოცავად ხალიჩა გაეშალათ და წყალი მიერთმიათ. სადიხამ ხალიჩა გაშალა, ვერცხლის სურით წყალი და ტაშტი მიიტანა. მაჰმად ხანმა ხელ-ფეხი განიბანა და ლოცვა დაიწყო. სადიხას ტაშტის აღება სურდა და ამ დროს წყალი დაეღვარა. მაჰმად ხანს ეს წყალი მუხლებქვეშ შეუდგა, მაგრამ სანამ ლოცვა არ გაათავა, სიბრაზე დაიცხრო და ხმა არ ამოუღია. დაასრულა თუ არა ლოცვა, მცველებს სადიხასთვის მეორე დილით თავის მოკვეთა უბრძანა.
მსახურს შირვანის ხანი გამოსარჩლებია, მაგრამ მძვინვარე საჭურისი შეუვალი გახლდათ.
ზაქარია ჭიჭინაძე ასე გადმოგვცემს აღა მაჰმად ხანის სიტყვებს:
„არა, ეს არ შეიძლება. მე მასზე გაჯავრებული ვარ. იგი გიაურია, გულით ქართველია, ჩემი ლოცვის დროს განგებ დაღვარა წყალი. მისი პატივი არ შეიძლება. ხვალ პარასკევია. გათავდება თუ არა ჩვენი ლოცვა, მაშინათვე სადიხას და მის ამხანაგს თავები მოეკვეთებათ...“
და შაქ-შირვანის ხანმა მეტი ვეღარა შეჰბედა რა სისხლისმსმელ ტირანს.
იმ ღამით სადიხამ გაპარვა და შაჰის საძინებელში შეღწევა მოახერხა, სადაც მძინარე მაჰმად ხანს ხმლის ერთი დარტყმით წააგდებინა თავი...
ამ მოულოდნელმა ამბავმა ხანებს თავზარი დასცა, უმთავარსარდლოდ დარჩენილი ჯარი პანიკას მიეცა. მათ მოკლული შაჰის ქონება დაიტაცეს, აიშალნენ და ბანაკი დატოვეს. ხანებმა თავთავიანთ მამულებს მიაშურეს და ახალი შაჰის ტახტზე ასვლამდე საკუთარ სამფლობელოებში გამაგრდნენ.
სამწუხაროდ, სადიხაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება და რომელი ვერსიაა ნამდვილი, ამის დაბეჯითებით თქმა ძნელია.
სხვათა შორის, არსებობს ვარაუდები, რომ სადიხა თავად ერეკლე მეფეს ჰყავდა მივლენილი ირანის კარზე მზვერავად. მისი ჯამბაზობა და გამაჰმადიანება კი სპარსელ დიდებულებთან დაახლოებისხერხი იყო.

ვინ იყო სადიხა?

სადიხას არც გვარი იცის ვინმემ და არც წარმომავლობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1795 წელს სპარსელებმა, რომლებმაც თბილისის დამხობის შემდეგ მცხეთა და მისი მახლობელი სოფლები აიკლეს, მრავალი ტყვე იგდეს ხელთ. მათ შორის იყო თვალტანადი მცხეთელი გლეხი სახელად ანდრია — თავის ტოლ-ამხანაგებში განთქმული მოჭიდავე. ანდრიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან არსებულ სასწავლებელში მიეღო განათლება.
ტყვეობაში ანდრია გაამუსლიმანეს, სადიხა დაარქვეს და შაჰის სასახლის კარზე დაიტოვეს. ანდრიამ მცირე დროში შეისწავლა სპარსული ენა და შაჰის ნდობა მოიპოვა. ყარაბაღამდე მაჰმად ხანს მის ერთგულებაში ეჭვი არასდროს შეპარვია.

რა მოხდა მერე?

აღა მაჰმად ხანის მოკვლის შემდეგ ქართლში დაბრუნებული სადიხა მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა, ბერად შედგა და ანტონ კათალიკოსმა ის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გაამწესა. ანდრიას დიდხანს აღარ უცოცხლია - 1800 წლის ზაფხულში აღესრულა.
ზაქარია ჭიჭინაძე დაახლოებით ერთი საუკუნის წინ წერდა:

„ყოველთვის ასე იყო ჩვენს ისტორიაში — თითო სადიხა ყოველთვის გამოგვიჩნდებოდა ხოლმე გაჭირვებისას. თუმცა სადიხა და სადიხები აღარავის ახსოვს, სამაგიეროდ სამშობლოს გაყიდვით განდიდებულ-გამდიდრებულნი არიან დიდ პატივში“.

ნამდილად ასეა. ამ ქართველმა პირსისხლიანი მტარვალისგან იხსნა ქვეყანა, მაგრამ მემატიანეთა ფოლიანტებში მასზე ორიოდ ფრაზას თუ ამოვიკითხავთ მხოლოდ...
ყველა ახალი ამბავი
0