თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მოძრაობა დღის გარკვეულ პერიოდში შეიზღუდება

© photo: Sputnikსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
კანონდარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 1 ათასი ლარი იქნება
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის 1 იანვრიდან თბილისში M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესის დარღვევისთვის არსებული ჯარიმების გაზრდას.
თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება 08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში.
ცვლილებების თანახმად, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.
კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.
კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.
შესწორებების დეტალები
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:
საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
ყველა ახალი ამბავი
0