შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს? ზურაბიშვილმა კითხვაზე პასუხს თავი აარიდა

© President of GeorgiaСаломе Зурабишвили
Саломе Зурабишвили - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
ზურაბიშვილის არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ის არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
თბილისი, 14დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
„მე უარი არ მითქვამს (სააკაშვილის - რედ.) შეწყალებაზე. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვიღაც შევიწყალე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პასუხის გაცემას დაახლოებით ერთი წელია ერიდება. მანამდე მას სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა - „არა და არასდროს“.
სააკაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე მრავალი თვის მანძილზე მუშაობდნენ. თავად სააკაშვილმა ერთ-ერთი საქმის ბოლო სასამართლო სხდომაზე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეეძლო მამის შვილებისთვის დაბრუნება და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსის აღდგენა.
ამასთან, ოფიციალურად სააკაშვილს უფლება არ აქვს საქართველოში პარტიის წევრი იყოს, რადგანაც მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს - მან მოქალაქეობა მრავალი წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მდინარაძე: განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0