ახალი კომპლექსი შეკვეთილში ტურიზმს კიდევ უფრო განავითარებს: ვიცე-პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerშადრევნები შეკვეთილში
შადრევნები შეკვეთილში - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედ ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის VR Shekvetili Forest Beach by Paragraph განვითარება საქართველოს ტურიზმის სექტორის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი სამშაბათს VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„ისეთი პროექტებით, როგორიც არის „პარაგრაფი“ შეკვეთილში, ჩვენ შევძელით მაღალხარისხიანი ტურისტული სექტორის განვითარების დაწყება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი, რომელმაც, ფაქტობრივად, ქვეყანაში ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურა შეცვალა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პროექტი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს მიმდებარედ, 40 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება და აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს.
VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია, მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, კომპლექსი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იქნება – პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკოსისტემისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი თანაარსებობა და ხარისხიანი განვითარება.
ვიცე-პრემიერის თქმით, ტურიზმის სექტორს საქართველოში განვითარების კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ეს სექტორი ყველაზე მეტად დაზიანდა, ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი და იმედის მომცემი აღდგენის ტენდეცია შეინიშნება.
„გასულ წელს 3,5 მილიარდი დოლარი იყო ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი და მიმდინარე წელს, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით უკვე 3,3 მილიარდ დოლარს გაცდა. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ის ოთხ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. წელს, ასევე პირველი სამი კვარტლის განმავლობაში 5,6 მილიონი ტურისტი მივიღეთ – შესაბამისად, გვაქვს აღდგენის და ზრდის ტენდენცია“, - განაცხადა მან.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული განვითარების პოტენციალი განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ხარისხიანი ტურისტული ადგილები.
ყველა ახალი ამბავი
0