„ქართული ოცნება" პრეზიდენტის სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს - მდინარაძე

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტს არასდროს უთქვამს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ სპექტაკლში, რომლის ხარჯზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მიიწეროს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების წარმატებები, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში 13 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვია. ამ დღეს ის ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის პეტიციაზე ხელმოწერების გადაცემას აპირებს, რომლებიც კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვდა.
„კატეგორიულად შემიძლია, გითხრათ რომ ამ სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტს არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი.
„ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც კი, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს, ეს ამბავი მიიწეროს... ქალბატონმა სალომემ არათუ არ თქვა, რაც იყო სიმართლე და არის სიმართლე… პირიქით, თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და არც წელს ვიმსახურებთო", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის წინაშე მეტი ბოროტება წარმოუდგენელია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ასეთ უმნიშვნელოვანეს დროს მთავარ თემას ასე დაარტყა".
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს? პარლამენტის სპიკერის მოსაზრება>>
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
დეპუტატმა პრეზიდენტი პატარა ბავშვს შეადარა ასანთით ხელში>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0